ქუმსიშვილის თქმით, ლარის გაუფასურება ერთჯერადი გამოვლინება იყო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარის გაუფასურება ერთჯერადი გამოვლინება იყო და ამ პროცესმა უკვე გადაიარა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა 15-20 აგვისტოს დაიწყო. მინისტრის შეფასებით, ეს სეზონური მოვლენა იყო, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელია.

„რაც შეეხება კურსის სტაბილურობას, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით სეზონური მოვლენაა. თუ დავაკვირდებით, სადღაც 15-20 აგვისტოდან დაიწყო გამოვლინება, რაც არის დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა“ – ამბობოს ქუმსიშვილი.

მინისტრის განცხადებით, ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში თანხების განთავსებას ლარის გაუფასურებასთან კავშირი არ აქვს:

„მე მინდა მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას ინფორმაცია ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და სწორედ იმდენივე თანხები, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია მთლიან ფულში ზეგავლენა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ლარიზაციისთვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო სწორედ ახალი ლიკვიდური ინსტრუმენტის გაჩენით და ლარის მასის მიწოდებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, უნდა მოხვდეს ჩვენს მოსახლეობასთან. უნდა მოხვდეს კონკრეტულადი იმ კომპანიებთან, რომლებსაც ლარში სჭირდებათ სესხი, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს,“ – ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ქუმსიშვილის თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ლარის გაუფაუსრება მთავრობის არასწორი ქმედებების შედეგია, უსაფუძვლოა:

„ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა/მიწოდებაზე. პროგნოზირება ამ მიმართულებით მოდური საქმეა, მე პროგნოზირებას არ ვაკეთებ, თუმცა სტატისტიკურად შემიძლია ვთქვა, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანი ფულის მასა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და იყო საუბრები იმაზე, რომ ხაზინიდან გასულმა თანხამ მოახდინა რაღაც პროვოცირება, ამასთან მიმართებით ვამბობ, რომ სწორედ ამდენივე თანხა არის შემცირებული დღეს რეფინანსირების სესხებით. აქედან გამამდინარე, უბრალოდ, სტატისტიკურად ერთი აისახება აგრეგატში, მეორე არ აისახება და, შესაბამისად, სწორედ ამიტომ ზოგიერთ ჩვენ ოპოზიციონერს მიეცა საშუალება, სპეკულაციურად ეს გამოეყენებინა,“ – თქვა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ლარის მორიგი გაუფასურება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო და პიკს 5 სექტემბერს მიაღწია, როცა კომერციულ ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.52 ლარამდე გაიზარდა. გუშინ, 6 სექტემბერს, ლარმა გამყარება დაიწყო. დღეს, 7 სექტემბერს, კომერციულ ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2.46 ლარად შეიძლება იყიდოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი