ციანიდის საქმის პროკურორი ომბუდსმენს უპირისპირდება

“ციანიდის საქმის” პროკურორი სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ტენდენციურობაში სდებს ბრალს. ომბუდსმენი კი პროკურორს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არასწორი განცხადებებისგან და პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს.

“დიდ პატივს ვცემ სახალხო დამცველის ინსტიტუტს, როგორც ომბუდსმენს ამ ქვეყანაში, მაგრამ პატივისცემას არ იმსახურებს უჩა ნანუაშვილის ტენდენციური და ცალმხრივი მიდგომა ამ საქმისადმი. სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ისევე როგორც ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი, იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც კანონი განუსაზღვრავს. როდესაც სახალხო დამცველი გამოდის და ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება არ აღსრულდა, რას ნიშნავს ეს სიტყვები? აბა, უჩა ნანუაშვილის გადაწყვეტილებით უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება? რატომ ითავსებს სახალხო დამცველი მეოთხე ინსტანციის სასამართლოს ფუნქციებს? ესაა უფლებამოსილების გადამეტება”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობისას.

მისივე თქმით, როდესაც “ციანიდის საქმის” გახმაურებისას უჩა ნანუაშვილი გარკვეულ დარღვევებზე საუბრობდა, მას წარმოდგენა არ ჰქონდა საქმეში არსებული მასალების შესახებ, რადგან საქმე გამოთხოვილი არ ჰქონდა პროკურატურისგან:

“იგი არა სახალხო დამცველი, ამ შემთხვევაში გიორგი მამალაძის დამცველია. მეშვიდე ადვოკატად მოგვევლინა ამ საქმეზე, მე არ მახსენდება, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ასეთი მიკერძოებული ყოფილიყოს მისი არსებობის მანძილზე, როგორც ამ საქმესთან მიმართებაში.

ჯარჯი წიკლაური ასევე აცხადებს, რომ სახალხო დამცველი ვერ იქნება საქმის ობიექტური დამკვირვებელი, რადგან ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას არ დასწრებია. მისივე თქმით, თავად უჩა ნანუაშვილი მხოლოდ ორ სასამართლო სხდომას დაესწრო, ხოლო მისი წარმომადგენელი, რომელიც სხდომებს ესწრებოდა, “ტელეფონში რაღაცას თამაშობდა” და მოწმეების დაკითხვისთვის არ მოუსმენია.

სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა ჯარჯი წიკლაურის განცხადებას და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს  არასწორი განცხადებებისგან, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს და პროფესიული პატივისცემა შეინარჩუნოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიმართ.

“სამწუხაროა, როდესაც საჯარო თანამდებობის პირებს ავიწყდებათ კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი ფუნქციაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მონიტორინგი. შესაბამისად, სახალხო დამცველი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით, სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გააცნოს”,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის განმარტებითვე, სახალხო დამცველი არ წარმოადგენს „მეოთხე ინსტანციის“ სასამართლოს და, შესაბამისად, ამ კონკრეტულ საქმეზე მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობაში მეოთხე ინსტანციის ფუნქციები არ იკვეთება. კერძოდ, სახალხო დამცველს არ შეუცვლია მოსამართლის განაჩენი, ასევე, არ მიუთითებია მოსამართლისთვის, რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა საქმის განხილვისას.  საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო შედეგები მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რაც პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან და ორგანული კანონიდან.

“საინტერესოა ბატონი პროკურორის მხრიდან საპარლამენტო ანგარიშში დაფიქსირებული ინფორმაციისთვის „წინასწარისა და არაობიექტურის“ წოდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს უნდა ესმოდეს უდანაშაულობის პრეზუმფციის არსი. გაურკვეველია, რა დამატებითი მასალის შესწავლა სჭირდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამოვლენას, როდესაც ყველამ მოისმინა გიორგი მამალაძის დაკავების შემდგომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ (მთავარი პროკურორის ჩათვლით) გაკეთებული განცხადებები.

პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებები სახალხო დამცველის მიერ საკუთარი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებამ გამოიწვია. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურამ თავიდანვე შეზღუდა ბრალდებულის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილით და სურდა საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარმართულიყო. წინამდებარე განცხადებები ანალოგიურ მიზანს ემსახურება – არ გახმაურდეს საქმეში არსებული დარღვევები. სწორედ ამიტომ სვამს კითხვებს პროკურორი ზვიად გუბელაძე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა სახალხო დამცველის ჩართვა მოცემულ საქმეში, ან რატომ ამყარებდა კომუნიკაციას პრესის წარმომადგენლებთან”,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com