რატომ ვერ დაადგინა პროკურატურამ, ვისგან შეიძინა დეკანოზმა ციანიდი – პროკურორის განმარტება

“ციანიდის საქმის” პროკურორი ჯარჯი წიკლაური იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, თუ რატომ ვერ მოხდა იმ პირის ან პირების იდენტიფიცირება, ვისგანაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ნატრიუმის ციანიდი შეიძინა.

“თუ გავიხსენებთ გახმაურებული მკვლელობის საქმეებს, მაგალითად, ხარძიანის მკვლელობა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, შალვა აბულაძის მიერ პოლიციელების მკვლელობა, ამ საქმეეზე არიან მსჯავრდებულები, ამ საქმეების უმეტესობაში დანაშაულის იარაღი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ამ საქმეთა უმეტესობაზე არსად დადგენილი არ არის დანაშაულის იარაღის კონკრეტული წარმომავლობა. რას ნიშნავს ეს? რომ მკვლელობა არ ჩადენილა? ბრალდებულს როდესაც აღმოაჩნდა ციანიდი, მაგრამ გამსაღებელი დადგენილი არ არის, ეს რას ნიშნავს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია? “,- განაცხადა პროკურორმა გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობისას.

მისივე თქმით, მკვლელობის და სხეულის დაზიანების საქმეების 99%-ის შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის იარაღის წარმომავლობა შეიძლება ვერ დადგინდეს. შეკითხვაზე, რატომ ვერ დაადგინეს, ვისგან იყიდა დეკანოზმა ციანიდი იმ პირობებში, როდესაც მასზე თვალთვალი ხორციელდებოდა, პროკურორმა უპასუხა:

“თქვენ შეიძლება არ გაქვთ სრულყოფილი წარმოდგენა მამა გიორგი მამალაძის პიროვნებაზე. ეს არის საკმაოდ ფრთხილი, წინდახედული ადამიანი, რომელიც ციანიდის შეძენის ეტაპზე, როდესაც ხვდებოდა ირაკლი მამალაძეს და ციანიდის შეძენაზე საუბრობდნენ, ტელეფონს ართმევდა და გვერდზე ოთხაში სეიფში დებდნენ, რომ არ მომხდარიყო მათი ჩაწერა. არც ერთ სატელეფონო საუბარში, გიორგი მამალაძე იმდენად ფრთხილობდა, არ უხსენებია სიტყვა ციანიდი, საკმაოდ წინდახედული იყო”, – განაცხადა პროკურორმა.

5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com