ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკელების თავმჯდომარე

რატომ ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელები საპატრიარქოს ჩარევას მთავრობის გადაწყვეტილებებში

დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ და პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გამართეს პრეზენტაცია, თემაზე: „საპატრიარქო და თვითმმართველობა“. მათ ვრცლად ისაურეს იმის შესახებ, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეალური თვითმმართველობა და როგორ ცდილობს ეკლესია ხელი შეუშალოს პროგრესულ ცვლილებებს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი არჩევნები და დაუშვებელია მისი როლის დაკნინება, რადგან ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მათი განცხადებით, საქართველოში ძლიერი თვითმმართველობის შექმნასა და დამკვიდრებას ერთნაირი ინტენსივობით ებრძვის დღევანდელი საპატრიარქო და მოქმედი ხელისუფლება. პროცესის დროში დაკვირვება ამ დასკვნას ადასტურებს.

2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო თვითმმართველობის რეფორმა და ის ორიენტირებული იყო რეალურად ძლიერი – ორდონიანი თვითმმართველობის შექმნაზე. ამავე წლის დეკემბერში, აქტიური საპარლამენტო განხილვებისას პატრიარქმა, ილია მეორემ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დაგმო და განაცხადა: “ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა.”

რესპუბლიკელების თქმით, ამ განცხადებით პატრიარქმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და პრაქტიკულად ჩაერია საპარლამენტო საქმიანობაში:

“მეორე დღეს სასესიო განხილვა გადაიდო და შედეგად, რესპუბლიკური პარტიის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა მხოლოდ 3 პოზიტიური ცვლილების მიღება: 1) თვითმმართველი ქალაქების შექმნა (სულ 12-ის); 2) მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა და 3) ტერმინის დონეზე, უფლებამოსილებების გარეშე დარჩა სამხარეო საბჭოები. მსგავსი სიმძლავრის ინტერვენციამ პირველ ეტაპზე გაანახევრა რეფორმის არსი – თვითმმართველობებს არ მისცეს დაფინანსება, თვითმმართველბებს არ დაუთმეს უფლებამოსილებები.”

როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, თითოეული ჩვენგანი გახდა შემსწრე, თუ როგორ ერევა საპატრიარქო საერო ხელისუფლების საქმიანობაში და რა მასშტაბის გავლენა შუძლია მოახდინოს მიმდინარე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

“სამწუხაროდ, რესპუბლიკურ პარტიას მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრში პარტნიორები არ აღმოაჩნდა. სახელისუფლებო გუნდი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეთანხმა ამ პოზიციას. რესპუბლიკური პარტია საკუთარ ხედვას და რწმენას ძლიერი თვითმმართველობის მნიშვნელობის თაობაზე იმ დროსაც იცავდა საპარლამენტო ტრიბუნიდან და ახლაც იცავს,” – აცხადებენ რესპუბლიკელები.

მათი განცხადებით, 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მიღებულმა ცვლილებებმა დაადასტურა, რომ პატრიარქის პოზიციებით ისარგებლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და მეორე ეტაპზე 7 თვითმმართველ ქალაქს კვლავ წაართვა სტატუსი: “ანუ საბოლოოდ გამოაცალა ნიადაგი დამოუკიდებელი თვითმმართველობის შექმნის იდეას. ძლიერი თვითმმართველობის შექმნის პერსპექტივამ გაურკვეველი ვადით გადაიწია.”

როგორც რესპუბლიკელები აცხადებენ, საპატრიარქოს არაკომპეტენტური არგუმენტები ქვეყნის დაშლის საშიშროებასთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაში აღმოჩნდა ხელისუფლების სურვილთან, ძალაუფლება სრულად მიიტაცოს. მათი თქმით, ცენტრალიზებული მმართველობა არ იძლევა ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას, თუმცა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაურკვეველი ვადით შეაფერხა საქართველოს დემოკრატიული განვითარება.

რესპუბლიკურ პარტიას ღრმად სწამს, რომ საქართველოს განვითარების, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საფუძველი დევს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერში „საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”

როგორც თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე აღნიშნავენ, სწორედ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები ადამიანების პრეროგატივაა საკუთარ რაიონში, საკუთარ უბანში საკუთარი საკითხების გადაჭრის გზების ძიება და არჩევა.

“დემოკრატიული პროცესი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ის ქვემოდან, ადგილიდან იწყება. განვითარების პროცესი შეუქცევადია, არავის  არ ძალუძს წინ აღუდგეს ამ პროცესს. საქართველოს მოქალაქეები ისწრაფვიან იმ ღირებულებების დამკვიდრებისკენ, რომლებიც მათ მიანიჭა ბუნებამ და საქართველოს კონსტიტუციამ,” – აცხადებენ რესპუბლიკელები.

მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოთა შორის, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქენი იქნებიან:

  • თვითმმართველები საკუთარ სოფელსა, ქალაქსა თუ რეგიონში
  • სოლიდარულები და პატივისცემით განმსჭვალულნი საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის მიმართ
  • აქტიურები მშვიდობისა და განვითარების მშენებლობაში, რეგიონში და მთელ მსოფლიოში

კორძაია და სამნიძე აცხადებენ, რომ აღნიშნული იდეალების დამკვიდრებისთვის საუკეთესო ინსტრუმენტია დემოკრატიული სახელმწიფო, ხოლო ხელისუფლების ადგილობრივი დონე ყველაზე სახალხო, ანუ ყველაზე დემოკრატიული ხელისუფლებაა, რომელიც საფუძველს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წეს-წყობილებას. მათი თქმით, რესპუბლიკური პარტია კვლავ სთავაზობს საზოგადოებას ძლიერ თვითმმართველობას, ქალაქების სტატუსის აღდგენას, მეორე დონის თვითმმართველობის შექმნას და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების არსებობას:

“და რადგან დემოკრატიული მმართველობის საფუძვლები, ადგილობრივ თვითმმართველობაში და ქვეყნის განვითარების საწყისი ადგილობრივ დონეზე, ადგილზე მცხოვრები მოქალაქის მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღებაშია – ამიტომაც, თვითმმართველობის არჩევნები საერთო სახელმწიფოებრივი არჩევნებია.”

რესპუბლიკელების განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს მკაფიო და მტკიცე არჩევანი, რომლითაც წინ აღუდგება:

  1. არაუფლებამოსილი საპატრიარქოს მონაწილეობას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და ამ გზით ქვეყნის განვითარების შეფერხებას;
  2. ხელისუფლების შესაძლებლობას შევიდეს კორუფციულ გარიგებებში საპატრიარქოსთან და ამ გზით მიიტაცოს და განიმტკიცოს ძალაუფლება;
  3. საკუთარი უფლებამოსილების წართმევას და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების შეფერხებას.
საპატრიარქო და თვითმმართველობა - რესპუბლიკელების პრეზენტაცია

საპატრიარქო და თვითმმართველობა – რესპუბლიკელების პრეზენტაცია

პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი პრინციპულად ეწინააღმდეგებიან კანონის დარღვევით (კონკორდატის დარღვევით) საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ქონების და მიწების თვითმმართველობების მიერ საპატრიარქოსათვის გადაცემას. თამარ კორძაიამ მაგალითისთვის მოიყვანა 2016-2017  წლების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ქალაქ თბილისის საკრებულომ, 183 415 კვ.მ მიწა უსასყიდლოდ გადასცა საპატრიარქოს.

“ჩვენი პრინციპული და მკაფიო პოზიციები მუდმივი კრიტიკისა და გაკიცხვის საგანი იყო უპრინციპო და ავტორიტეტების მიმართ მთრთოლვარე უმრავლესობის წევრების მხრიდან,” – ამბობს კორძაია.

რესპუბლიკელების განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებით:

  • უნდა დაიწყოს რეალური ცვლილებები;
  • უნდა შეიქმნას მრავალფეროვნება/მრავალპარტიულობა ადგილობრივ დონეზე.
  • უნდა შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება, მისთვის მიწების გადაცემა.
  • უნდა დასრულდეს არსებული მანკიერი პრაქტიკა „ურთიერთსარგებლიანი“ გადაწყვეტილებების მიღების.

“ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია! ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი თვითმმართველობა!” – აცხადებენ რესპუბლიკელები.

თამარ კორძაიასა და ხათუნა სამნიძის პრეზენტაციამდე, რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველ ხუთეული დაასახელა: ხათუნა სამნიძე, მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.