ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯანელიძე ბაქოში: ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალურად

6 სექტემბერი, 2017 • 2349
ჯანელიძე ბაქოში: ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალურად

“ეს არის ნამდვილად უნიკალური მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბებულია სამ მეზობელს შორის. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან როლს არა  მარტო ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი სამი ქვეყნისთვის, არამედ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით, გლობალურად”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბაქოში აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგასთან შეხვედრის დროს, რომელიც სამმხრივ ფორმატში გაიმართა.

ოფიციალური ცნობით, მინისტრებმა აღნიშნეს, რომ სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საკითხებს.

“სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს. ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით და ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ეფექტურად განვახორციელოთ როგორც ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ასევე ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის” – განაცხადა ჯანელიძემ.

ამავე კონტექსტში შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს პერიოდში ამოქმედების საკითხებზე, ასევე, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა „ბაქოს განცხადებას“ და „სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის“.

დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიების და სხვა დარგობრივი მიმართულებით კონკრეტულ პროექტებსა და ინიციატივებს, რაც მონაწილეთა შეფასებით ხელს შეუწყობს სექტორული თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და გამოწვევებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი