ახალი ამბებიეკონომიკა

კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად არ დაუშვა ლარის მკვეთრი გამყარება

6 სექტემბერი, 2017 • 3565
კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად არ დაუშვა ლარის მკვეთრი გამყარება

“უნდა გითხრათ, რომ  დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ მოვლენას აქვს დროებითი და მოკლევადიანი ხასიათი”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

კოვზანაძის თქმით, ზაფხულის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ლარის გამყარებას.

“ამ თვალსაზრისით   საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად არ დაუშვა ლარის მკვეთრი გამყარება და პრაქტიკულად შეიძინა თითქმის  110 მილიონი დოლარი. ამით შეივსო ეროვნული ბანკის რეზერვები, რითიც მხარი დაუჭირა ფინანსურ სტაბილურობას და ასევე  მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში, ამ თვალსაზრისით იქნა სწორედ  ეს ნაბიჯი გადადგმული”, – განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ლარის დევალვაცია უფრო მეტად ფსიქოლოგიური ფაქტორითაა განპირობებული:

“რაც შეეხება ბოლო პერიოდს, ეს არის აგვისტოს ბოლო და სექტემბრის დასაწყისში, რა მოვლენასაც აქვს ადგილი, ეს მხოლოდ შეიძლება აიხსნას მოლოდინით, ფსიქოლოგიური ფაქტორით. მოგეხსენებათ, რომ არსებობდა საერთო-ზოგადი მოლოდინი იმისა, რომ ზაფხულში ლარი გამყარდებოდა, რასაც ადგილი ჰქონდა, ხოლო სექტემბერში გაუფასურდებოდა. აგვისტოს ბოლოს სავალუტო ბაზრის მონაწილეებმა ზუსტად ამ დაბალი კურსის პირობებში განახორციელეს დამატებითი შესყიდვები, რამაც ზედმეტი გავლენა მოახდინა  ლარის კურსზე და ამ თვალსაზრისით გვაქვს ის მოვლენა, რასაც გუშინ და რამოდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა და თითოეული ჩვენგანი ვხვდებით.

ეს იყო სიგნალი მათთვის, ვისაც უნდოდა, რომ აგვისტოში შედარებით დაბალ კურსზე შეესყიდა დამატებითი დოლარები”, – განაცხადა კოვზანაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, დღეის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი  2.4926 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო –  2.9662 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი