ახალი ამბებიკომენტარი

“ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა” – ყოფილი ბერი რესპუბლიკელების ხუთეულში

6 სექტემბერი, 2017 • 33095
“ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა” – ყოფილი ბერი რესპუბლიკელების ხუთეულში

რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველ ხუთეული წარადგინა. რესპუბლიკელების სიის მეხუთე ნომერი ლაშა ომარაშვილია, რომელიც 8 წელი ბერად იყო აღკვეცილი ათონის მთაზე.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ლაშა ომარაშვილი არის უნიკალური პიროვნება და ლიბერალიზმის სერიოზული მედროშე. როგორც პარტიის დამფუძნებელი ამბობს, ომარაშვილი ყველაფერში კარგად ერკვევა, განსაკუთრებით კი- ისტორიაში.

ლაშა ომარაშვილი ეკლესიიდან 10 წლის წინ წამოვიდა, რის შემდეგაც 5 წელი ლონდონში ცხოვრობდა და მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, ეს პერიოდი აუცილებელი რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა. პარალელურად ეწეოდა თვითგანათლებას. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ წამოვიდა ეკლესიიდან, ომარაშვილი პასუხობს, რომ არაფერ შუაშია ვინმეს მიმართ წყენა: “ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა. ქრისტე აღარ არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პოსტქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმდენად ჩამორჩება ამ მეინსტრიმსა და თანამედროვე მსოფლიოს განვითარებას, მან ეს ჯერ არ იცის.”

მისი თქმით, პოსტქრისტიანულ საზოგადოებაში ერთმანეთისგან მკაფიოდ არის გამიჯნული ეკლესია და სახელმწიფო, სადაც ეკლესია არ კარნახობს თამაშის წესებს აკადემიურ წრეებს და არ უზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას ხელოვანებს:

“სადაც სახელმწიფო არ გადასცემს საზოგადოებრივ სიკეთეებს, რაც არის მატერიალური საკუთრება და სიმდიდრე ეკლესიის. თანამედროვე საზოგადოებაში, ყველა წარმატებულ ქვეყანაში ეკლესია იკავებს სოციალური ინსტიტუციის ფუნქციას. სამწუხაროდ, საქართველოში გადმოსულია რუსული, ცარისტული ტრადიცია, სადაც, ფაქტობრივად, ის ყველა სფეროს მოიცავს და ყველა სფეროს ტოტალური კონტროლი სურს. ეკლესია მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული ორი რამისთვის იბრძვის: ფული და ძალაუფლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესაც ამ ორი რამისთვის იბრძვის და მეტი არაფრისთვის.”

კითხვაზე, თუ რატომ რესპუბლიკური პარტია, ყოფილი ბერი პასუხობს: “იმიტომ, რომ ეს არის კლასიკური გაგებით ერთადერთი პარტია, რომელმაც გაბედა ამ თემაზე საუბარი. ყველა პოლიტიკოსი, ვინც საქართველოში თავს პოლიტიკოსს უწოდებს, ცდილობს რელიგიური და ეთნონაციონალური, ნეოფაშისტური იდეებით სპეკულირებას. გავიმეორებ ათათურქის სიტყვებს, რომ “ყველა პოლიტიკოსი, რომელიც რელიგიის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს, ის არის უსუსტესი პოლიტიკოსი.” მე უფრო მეტსაც ვიტყვი, ისინი “პოლიტიკანები” არიან.”

ომარაშვილის თქმით, საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამის თქმა გაბედა და მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული, არის სწორედ რესპუბლიკური პარტია. როგორც ყოფილი ბერი ამბობს, მის გუნდს შესწევს ძალა, რომ აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და მომავალზე.

მოისმინეთ ვრცლად ლაშა ომარაშვილის მოსაზრებები ეკლესიის, ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების შესახებ:

მასალების გადაბეჭდვის წესი