ლევან ბერძენიშვილი და თამარ კორძაია, რესპუბლიკელები. ფოტო: რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკელები მეორე ტურში პროდასავლურ ოპოზიციურ მერობის კანდიდატს დაუჭერენ მხარს

საქართველოს რესპუბლიკური პარტია თბილისის მერის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენენ, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში პროდასავლური ღირებულებების მქონე ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. პარტიის გენერალური მდივნის, თამარ კორძაიას თქმით, ბევრი მერობის კანდიდატი უფრო შეამცირებს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსებს.

“ჩვენ მხარდაჯერას ვუცხადებდით ალეკო ელისაშვილის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაციას. კეთილგანწყობილნი ვიყავით და ვართ მისი კანდიდატურის მიმართ. რესპუბლიკელებმა არ წარვადგინეთ მერობის კანდიდატი, რადგან გვგონია, რომ ამდენი მერობის კანდიდატი ერთმანეთს ასუსტებს. აქედან გამომდინარე, ვგულშემატკივრობთ მეორე ტურის არსებობას და იქ ისეთი კანდიდატის გასვლას, რომელიც რეალურად შეძლებს “ქართული ოცნების” კანდიდატის დამარცხებას,” – განუცხადა ნეტგაზეთს თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიისთვის სასურველი იქნება ნებისმიერი პროდასავლური ღირებულებების მქონე კანდიდატი: “ის შეიძლება იყოს ალეკო ელისაშვილი, შეიძლება იყოს ელენე ხოშტარია თუ ნებისმიერი სხვა, მაგრამ მთავარია, რომ მას უნდა ჰქონდეს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების რეალური შანსი.”

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ: კახა კალაძე (ქართული ოცნება), ზაალ უდუმაშვილი (ენმ), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), კახა კუკავა (ბლოკი ნინო ბურჯანაძესთან), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა – დავით უსუფაშვილი), გიორგი ვაშაძე (ერთობა – ახალი საქართველო).

დღეს, 6 სექტემბერს, რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველ ხუთეული წარადგინა: ხათუნა სამნიძე, მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.