ახალი ამბები

რესპუბლიკელების საარჩევნო სიის ხუთეული თბილისში

6 სექტემბერი, 2017 • 4775
რესპუბლიკელების საარჩევნო სიის ხუთეული თბილისში

დღეს, 6 სექტემბერს, რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველ ხუთეული წარადგინა. კანდიდატები პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა დაასახელა:

1. ხათუნა სამნიძე
2. მიხეილ ჩემია
3. დავით ზურაბიშვილი
4. თამარ კორძაია
5. ლაშა ომარაშვილი

სიის პირველი ნომერი ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარეა. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, სამნიძე პრინციპული, გამოცდილი, მებრძოლი და ღირებულებების დამცველი პოლიტიკოსია და რესპუბლიკელებისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენს, რომლის დიდი იმედიც აქვს. ხათუნა სამნიძე ასევე არის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში.

პარტიის სიის მეორე ნომერია მიხეილ ჩემია, რომელსაც ლევან ბერძენიშვილი პარტიის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს: “დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი. ქართულ პოლიტიკაში იგი აუცილებლად იტყვის სერიოზულ და მნიშვნელოვან სიტყვას.”

მესამე ნომერია თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი დავით ზურაბიშვილი. პარტიის დამფუძნებლის თქმით, ზურაბიშვილი არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც განახლებულ შემადგენლობაში არის დამბალანსებელი ახალგაზრდებთან. დავით ზურაბიშვილი ყოფილი პარლამენტარია, რომელიც ასვე იყო განათლების მინისტრის მოადგილე. დავით ზურაბიშვილი არის საბავშვო მწერალი, ბლოგერი და ყოფილი ჟურნალისტი. ის ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და სტუდენტებს პოლიტიკურ იდეოლოგიებს ასწავლის.

რესპუბლიკელების სიის მეოთხე ნომერია პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პროფესიით იურისტი თამარ კორძაია. ლევან ბერძენიშვილის თქმით, რესპუბლიკური პარტიისთვის თამარ კორძაია დიდი სიამაყეა, რადგან ის არის  ძალიან პრინციპული ადამიანი და მნიშვნელოვანი დამრტყმელი ძალა ყველანაირ დიალოგში. პარტიის დამფუძნებელი თამარ კორძაიაზე დიდ იმედებს ამყარებს.

სიის მეხუთე ნომერია ლაშა ომარაშვილი, რომელიც 8 წელი ბერად იყო აღკვეცილი ათონის მთაზე. ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ის არის უნიკალური პიროვნება და ლიბერალიზმის ძალიან სერიოზული მედროშე. ომარაშვილი ათი წელია, რაც ეკლესიიდან წამოვიდა. ხუთი წელი ის ლონდონში ცხოვრობდა და მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, ეს პერიოდი მას რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა. პარალელურად ეწეოდა თვითგანათლებას. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს მაგისტრატურაზე. როგორც პარტიის დამფუძნებელი ამბობს, ომარაშვილი არის ყველანაირად გარკვეული კაცი, განსაკუთრებით კი- ისტორიაში.

ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ  რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც აქვს უზარმაზარი ისტორია და ძალიან დიდი მომავალი, განახლებული და განსხვავებული შემადგენლობა ღირსეულად წარმოაჩენს. რესპუბლიკელების საარჩევნო ნომერია 6.

მასალების გადაბეჭდვის წესი