ახალი ამბები

გოგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემები აჭარის ტელევიზიის ეთერში სექტემბრიდან გავა

5 სექტემბერი, 2017 • 4451
გოგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემები აჭარის ტელევიზიის ეთერში სექტემბრიდან გავა

რადიო თავისუფლების ორი გადაცემა, რომლებსაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტი არ გაუგრძელა აჭარის ტელევიზიის ეთერში გავა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ დაუდასტურა.

როგორც კაპანაძე ამბობს, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა შეცვლილი სახელწოდებით, “ანარეკლები” ეთერში 12 სექტემბრიდან იქნება. გადაღებები ბათუმში უკვე მიმდინარეობს:

“ეს იქნება საჩუქარი აჭარის ტელევიზიის  მაყურებლისთვის. გოგი გვახარიას და სალომე  ასათიანის საავტორო გადაცემები უკვე სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი აუდიტორიისთვის. გოგი გვახარიას გადაცემების ჩაწერა ბათუმში უკვე მიმდინარეობს. 12 სექტემბერს, 22 საათზე გავა პირველი გადაცემა” – ამბობს აჭარის ტელევიზიის დირექტორი.

სალომე ასათიანის გადაცემა კი ეთერში, აჭარის ტელევიზიის დირექტორის თქმით, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოდან გავა:

“რაც შეეხება სალომე ასათიანს, სალომეს საქართველოში ჩამოსვლის  შემდეგ შევათანხმებთ კიდევ დამატებით იმ საკითხებს, რაც გადაცემის ფორმატისთვის იქნება საჭირო და ვფიქრობთ, რომ სექტემბრის ბოლოდან ასევე შესაძლებელი იქნება ანალიტიკური თოქ-შოუს ეთერში განთავსება. მცირეოდენი კორექცია იქნება ფორმატთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერსო იქნება გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება. ამ შემთხვევაში შეთანხმება გვაქვს, რომ გოგი გვახარიას  გადაცემა უკვე შეცვლილი სახელით, “ანარკლები” გავა ყოველ სამშაბათს, 22 საათზე. სალომე ასათიანთან კი ჩვენი შეთავაზება საეთერო ბადეში არის ოთხშაბათი, 22 საათი” – ამბობს ნათია კაპანაძე.

“წითელი ზონაც” და ინტერview-ც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა, თუმცა არხის მენეჯმენტმა მათზე უარი თქვა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. აჭარის ტელევიზია აჭარის ა/რ რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი