ახალი ამბები

კახიძე: ცივილიზებული ქვეყნებისთვის სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნა არასერიოზულია

5 სექტემბერი, 2017 • 1943
კახიძე: ცივილიზებული ქვეყნებისთვის სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნა არასერიოზულია

“ეროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურის მორიგი მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე არაფერი შეცვლილა, რადგან რა ბრალდებაც იყო წაყენებული ადრე, იგივე აქვს ახლაც, ხოლო უკრაინას ერთხელ უკვე უარი აქვს ნათქვამი მის გადმოცემაზე.

“მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ არც ერთი დასავლური ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს “ქართული ოცნების” მიერ მტკიცებულებათა ფაბრიკაციით [სააკაშვილის წინააღმდეგ] ბრალის დადგენილებებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ამგვარი პასუხი უკვე გასცა ოფიციალურმა ინტერპოლმა ჩვენს ხელისუფლებას. უკრაინის ხელისუფლებამაც ამავე მოტივით უარი თქვა სააკაშვილის ექსტრადირებაზე თავის დროზე, როცა მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მისი გადმოცემა,” – ამბობს ოთო კახიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, უკრაინის მთავრობას უკვე აქვს უარი ნათქვამი სააკაშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს ხელისუფლებისთვის და არ არის მოსალოდნელი, რომ შემდგომში რაიმე სხვა გაგრძელება ჰქონდეს ამ საქმეს.

საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

  1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);
  2. 2007 წლის 07 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია”იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება, საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. ,,7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საქმე)
  3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე,  ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ემუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით  (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე).
  4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი