ძიძიგური: ვენეციის კომისიის წუხილს ვერშემდგარ კონსენსუსზე ხელისუფლებაც იზიარებს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტს ვენეციის კომისია ოქტომბერში გამოსაქვეყნებელ დასკვნაში დადებითად შეაფასებს. როგორც ოცნების დეპუტატი ამბობს, კომისია მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერშემდგარ კონსენსუსზე გამოთქვამს წუხილს, ხოლო ამ წუხილს მმართველი გუნდიც იზიარებს.

“ვენეციის კომისია წუხს, რომ კონსენსუსი ვერ შედგა და ჩვენც, ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ვწუხვართ ამაზე. გაცილებით გვერჩივნა, რომ კონსენსუსით დამთავრებულიყო ჩვენი შეხვედრები. პოლიტიკაში ხდება: ხან მიაღწევ კონსენსუსს, ხან ვერ მიაღწევ. სამწუხარო ამბავია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვენეციის კომისია არ არის მომრიგებელი მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ჩაერევა. მან შემოგვთავაზა ჩვენ მედიატორის ფუნქცია და ამისთვის დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ამ კომისიის ხელმძღვანელებს, მაგრამ ვენეციის კომისიას მეტი რესურსი იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, არ გააჩნია,” – ამბობს ძიძიგური.

კითხვაზე, თუ რატომ ჩქარობს მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტის მიღებას სექტემბერშივე, როცა ის ოქტომბერში იყო დაანონსებული, ზვიად ძიძიგური პასუხობს:

“არასდროს ყოფილა ოქტომბერში დაანონსებული. დღეს მოქმედი კონსტიტუციის რედაქციის მიხედვით, უნდა იყოს მინიმუმ სამთვიანი შუალედი. ეს მოთხოვნები არის დაცული. რაც შეეხება კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტზე კენჭისყრას, ამ კვირის სასესიო კვირაში არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში არ იქნება კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრა. ლამის ოქტომბერიც მოვა, რა გინდათ მეტი… გარწმუნებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კონსტიტუციის პროექტზე იქნება დადებითი. მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც კონსენსუსი ვერ შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, იქნება კომისიის მხრიდან წუხილი დაფიქსირებული და ამ წუხლის ჩვენც ვუერთდებით.”

მმართველი გუნდის ლიდერის ინფორმაციით, პარლამენტი კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტს სექტემბრის მეორე ნახევარში უყრის კენჭს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.