ახალი ამბები

კახიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს

5 სექტემბერი, 2017 • 1785
კახიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და ეს არის ის, რაც დანამდვილებით იცის საზოგადოებამ.

“ვინ არის ის აგენტ-პროვოკატორი, ვინც არის საქმეში მთავარი მოწმე და ვინ დგას მის უკან? რატომ ჩატარდა ჩხრეკა აეროპირტში, როცა უკვე აღარ ჰქონდა ბარგი დეკანოზ მამალაძეს? რატომ დაიხურა ეს პროცესი და მტკიცებულებების შესწავლა რატომ მოხდა საზოგადოებისგან დამალულად?” – ეს არის კითხვები, რომლებიც ოთო კახიძეს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით აქვს.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩება ამ საქმეში, თუ არ მოხდება გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვა, პროცესის გახსნა და ყველა სამხილის/მტკიცებულებების სააშკარაოზე გამოტანა. მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ, აქვს თუ არა საქმეს პოლიტიური სარჩული.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ, დღევანდელი განაჩენით, სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა ბრალდება სსლ 18-108-ე მუხლზე და შესაბამისად, პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი