უჩა ნანუაშვილი. ფოტო– სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი დეკანოზის საქმეზე: მართლმსაჯულება არ აღსრულდა

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, დღევანდელი განაჩენით დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ დარღვევების შესახებ, რაც, მისი თქმით, მათმა ოფისმა პროცესზე შვიდთვიანი დაკვირვების შედეგად გამოკვეთა. მისი შეფასებით, დაცვის მხარეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის აეროპორტიდან დაკავებისა და ბარგის ამოღების ამსახველი ვიდეომასალა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სასმართლო პროცესების სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

“გაუგებარია, თუ ვისი პერსონალური მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როცა პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ციანიდი შეიძინა.

სახალხო დამცველის თქმით, პროკურატურას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რატომ არ დაინიშნა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზა ციანიდის კოლოფზე, რათა დაესაბუთებინათ, მართლა მას ეკუთვნოდა თუ არა ეს კოლოფი, თუ ის ჩაუდეს, როგორც ამას ბრალდებული ამბობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ, დღევანდელი განაჩენით, სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა ბრალდება სსლ 18-108-ე მუხლზე და შესაბამისად, პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი