ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში ყარაბაღის საკითხს განიხილავენ

5 სექტემბერი, 2017 • 2262
რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში ყარაბაღის საკითხს განიხილავენ

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სასულიერო ლიდერები, პატრიარქი კირილი, პატრიარქი გარეგინ მეორე და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშა-ზადე 2017 წლის 8 სექტემბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში ყარაბაღის კონფლიქტის განსახილველად შეხვდებიან.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავჯდომარის განცხადებით, შეხვედრა რუსეთის პატრიარქ კირილის ინიციატივით შედგება.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტი წერს, რომ რუსეთის პატრიარქის პრესმდივანმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა “რუსეთისა და ამიერკავკასიის რელიგიური ლიდერების სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებაა”.

სამმხრივი შეხვედრა გაიმართება წმინდა დანიელის მონასტერში, რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში

ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის სულიერ ლიდერების უკვე მეექვსე შეხვედრაა.

უკანასკნელად ანალოგიური შეხვედრა 2011 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ აზერბაიჯანის სულიერი ლიდერი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ჩავიდა ერევანში. ამ შეხვედრის დროს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობის დეკლარაცია მიიღეს.

ფოტო: რუსეთის საპატრიარქო

ფოტო: რუსეთის საპატრიარქო


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, “საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა” (ICG) 2017 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი