ახალი ამბები

სასამართლომ “ასავალ-დასავალს” მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

5 სექტემბერი, 2017 • 3734
სასამართლომ “ასავალ-დასავალს” მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

უზენაესმა სასამართლომ გაზეთ “ასავალ-დასავალს”, ჟურნალისტებსა და რედაქტორს თიბისი ბანკის დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, გაზეთმა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია საჯაროდ უნდა უარყოს.

ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც, “ასავალ-დასავალს” და სარედაქციო კოლექტივს სოლიდარულად დააკისრა მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის ოდენობის თანხის გადახდა.

როგორც საქმის ადვოკატებმა ქეთი ქვარცხავამ და ზვიად კორძაძემ დღეს, 5 სექტებერს, იურიდიული კომპანია BLC -ის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, “ასავალ-დასავალი” გრძელვადიან, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდა თი ბი სი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ და 1 წლის მანძილზე გამოცემის თითქმის ყველა ნომერში მამუკა ხაზარაძის ღირსების შემლახავი სტატიები ქვეყნდებოდა.

მოსარჩელე მხარე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში 160 000 ლარს ითხოვდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარეს 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ფულადი კომპენსაციისა, გაზეთს დაევალა გავრცელებული ცნობების უარყოფა გაზეთის იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც ცრუ ინფორმაცია დაიბეჭდა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატემბა განაცხადეს, რომ საქმე მოიცავდა 3 ეპიზოდს. პირველი  ეპიზოდი ეთმობოდა “გუდვილს”, “ელიტ ელექტრნიქსს” და “ბორჯომს”. როგორც ადვოკატი ქეთი ქვარცხავა ამბობს, “ასავალ-დასავალი” მამუკა ხაზარაძეს ამ კომპანიებისადმი უსამართლო მოპყრობაში და მათ მითვისებაში ადანაშაულებდა. მეორე ეპიზოდი  “ჯი პი აი ჰოლდინგის”ინცინდენტს უკავშირდებოდა:

“მამუკა ხაზარაძის მიმართ იყო აბსოლუტური ცილისწამება, თითქოს მას ჰქონდა როლი “ჯი პი აი ჰოლდინგის” მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. “ასავალ- დასავალი” ამბობდა, რომ მამუკა ხაზარაძემ თვითმკვლელობამდე მიიყვანა მამა და არ მისცა სესხი და ასე შემდეგ. აბსოლუტური აბსურდი და ტყუილი იყო”,  – განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

მესამე ეპიზოდი ეროვნული მოძრაობას უკავშირდებოდა, სადაც “ასავალ-დასავალი” მამუკა ხაზარაძეს მერაბ კოსტავას ცემაში სდებდა ბრალს:

“ძალიან მნიშვნელოვანია ზღვარი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, არავინ გაურბის კრიტიკას, მით უმეტეს, ისეთი საჯარო პირი, როგორიც მამუკა ხაზარაძეა და ისეთი წარმატებული ბანკი, როგორიც თიბისი ბანკია. არ შეიძლება ადამიანს დააბრალო ეროვნული მოძრაობის გმირის, მერაბ კოსტავას ცემა, თუ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გაქვს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენ რაღაც თქვი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს უპირისპირებ მთელ საზოგადოებას”, – განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

“ნეტგაზეთი” “ასავალ-დასავალს” დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოს დასაბუთებას გაეცნობიან, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედონ. თავად გადაწყვეტილებას კი პოლიტიკურს უწოდებენ:

“ჩვენ ჯერ არ ჩაგვბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება და არ ვიცით, რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. პირადად ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ გადაწყვეტილებას სამართლიანობასთან და მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამივე ინსტანციის აბსურდული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. ყველაფრის თავი და თავი არის მამუკა ხაზარაძის მჭიდრო ურთიერთობა დღევანდელ მმართველ ელიტასთან”,- ამბობს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.

დავა 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების სამი ინსტანცია გაიარა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი