ახალი ამბებისამართალი

მსჯავრდებული პოლიციელებს ცემასა და წამებაში ადანაშაულებს – მან უვადო შიმშილობა დაიწყო

5 სექტემბერი, 2017 • 4347
მსჯავრდებული პოლიციელებს ცემასა და წამებაში ადანაშაულებს – მან უვადო შიმშილობა დაიწყო

29 ავისტოს გლდანის N8 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა დაჩი ფელდმანმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ადვოკატის განცხადებით, 2016 წლის 2 დეკემბერს, როცა ფელდმანი დააკავეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პოლიციელებმა უმოწყალოდ სცემეს, თუმცა პროკურატურა ამ საქმეს არ იძიებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის აიყვანეს უკაცრიელ ადგილას, სავარაუდოდ, სასაფლაოს ტერიტორიაზე და მიაყენეს სხეულის სერიოზული დაზიანებები, მათ შორის, ისეთი, რომ ოპერაციის ჩატარება გადაწყდა ციხეში.

“N8 დაწესებულებაში გამზადებულია უკვე და ველოდებით ოპერაციას; მას ცემის შედეგად ცხვირის ძვალი დაემტვრა და სუნთქვითი მოშლა აქვს. ჩვენ ამის თაობაზე პატიმრის პირველი წარდგენისას განვაცხადეთ მოსამართლესთან და მოვითხოვეთ გამოძიება. მოსამართლემ დაავალა პროკურატურას, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ და განეხილათ ჩვენი განცხადება. პროკურატურამ საკმაოდ დიდი ხნის, პრაქტიკულად, ორი თვის შემდეგ, საქმიდან გამოყო ძირი და დაიწყო გამოძიება – 333-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს,” – ამბობს შათირიშვილი.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის “გამოძიება” შემოიფარგლა მხოლოდ ერთი მოქმედებით, რაც დაცვის მხარისთვის არის ცნობილი – გამოიკითხა ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით:

“დაჩიმ, რა საქმეზეც არის დაკავებული, დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრმ ამ გამოყოფილ საქმეზე (მისი ცემა/წამების ფაქტზე) მისცა დეტალური ჩვენება გამოძიებას. ამასთანავე, როდესაც მიმდინარეობდა სასამართლო, მოწმედ მოყვანილი 15 პოლიციელიდან პროცესზევე ამოიცნო და დაასახელა 3 პოლიციელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღე მის ცემა-წამებაში. ამის თაობაზე ჩვენ განცხადებით მივმართეთ თბილისის პროკურატურას, რომელიც იძიებს ამ საქმეს და მოვითხოვეთ ამ ადამიანების დაკითხვა, სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. უკვე მეხრე თვე გადის და, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დღემდე; არანაირი პასუხი თბილისის პროკურატურიდან ამ გამოძიებაზე არ გვაქვს.”

მარიამ შათირიშვილის თქმით, პროკურატურას ჯიუტად ცდილობს, რომ პატიმრის დაზიანებები იმ ფაქტს დააბრალონ, თითქოს გაქცევის დროს მიიღო, რაც არის სრული აბსურდი. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარის მხრიდან ჩატარდა დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა ყველა დაზიანება:

“ხაზგასმით არის მითითებული დასკვნაში, რომ ისინი მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად. ეს დასკვნა საქმეში დევს, მაგრამ არავითარ ყურადღებას აქცევენ გამომძიებლები და პროურატურა.”

როგორც ადვოკატი ამბობს, არის მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ეხება. მისი თქმით, 9 თვის მანძილზე ჯერ კიდევ არ აქვს დაჩი ფელდმანს დაზარალებულის სტატუსი ამ საქმეზე:

“ჯიუტად არ აძლევენ დაზარალებულის სტატუსს. შესაბამისად, მოკლებული ვართ იმ უფლებებს და საშუალებებს, რომ როგორც დაცვის მხარემ, მივმართო და მოვითხოვო კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მივმართეთ რამდენჯერმე, რომ ამოეღოთ ვიდეოკამერების ჩანაწერები და სატელეფონო საუბრები, თუ სად იმყოფებოდა თუნდაც ის სამი პოლიციელი, რომელიც დაჩიმ ამოიცნო სასამართლო პროცესზე. სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, არაფერი გაკეთებულა და საქმე თაროზეა შემოდებული. გამოძიება უბრალოდ ხელებს იბანს ამ საქმეზე.”

შათირიშვილის თქმით, მათ მიმართეს სახალხო დამცველს, ხოლო ომბუდსმენის აპარატმა მიმართ პროკურატურასაც და მთავარ პროკურატურასაც, საიდანაც მიიღო სტანდარტული პასუხი, რომელიც ჩვენ გადმოგვეგზავნა – “სქმე არის გამოძიების პროცესში და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”.

როგორც ადვოკატი ამბობს, დაჩი ფელდმანმა შიმშილის დაწყების დღეს განცხადებით მიმართა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, სადაც მისი მოთხოვნებიც იყო აღნიშნული: “ის ითხოვს გამოძიების დროულად დასრულებას, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და იმ პოლიციელების უმკაცრესად დასჯას, რომლებიც მის ცემა-წამებაში მონაწილეობდნენ.”

ადვოკატის თქმით, მან არ იცის, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის შიმშილობა, რადგან დაჩი ფელდმანს დასაკარგი უკვე არაფერი აქვს. დაჩი ფელდმანს ცალკე სამართლებრივი დავა აქვს.

ნეტგაზეთი საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც დაჩი ფელდმანის საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ. საგამოძიებო უწყების პასუხს ამავე მასალაში, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი