ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

The Guardian: აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ 3 მილიარდ ევრომდე თანხა ლობისტური სქემებისთვის გაათეთრა

5 სექტემბერი, 2017 • 4084
The Guardian: აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ 3 მილიარდ ევრომდე თანხა ლობისტური სქემებისთვის გაათეთრა

The Guardian-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ  ბრიტანეთში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის საშუალებით ე.წ შავი სალარო (2.9 მილიარდი ევრო) გამოიყენა, რათა ევროპელი პოლიტიკოსები მოექრთამა, ძვირადღირებული ნივთები შეესყიდა და ფული გაეთეთრებინა.

გამოცემის ცნობითვე, აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ელიტამ ადამიანის უფლებათა შელახვის, სისტემატიური კორუფციისა და არჩევნების გაყალბების გადასაფარად 2012-2014 წლებში 16 000-ზე მეტი ფარული გადახდა განახორციელა.

გადახდილი ფულის ნაწილი  გადაერიცხათ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, როგორც საერთაშორისო ლობისტური ოპერაციის ნაწილს, რათა ილჰამ ალიევი ნაკლებად ეკრიტიკებინათ და მისი ქვეყანა უკეთესად წარმოეჩინათ.

დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ფული Danske Bank-ის ესტონური ფილიალის საშუალებით ირიცხებოდა.

თავის მხრივ, Danske Bank აღიარებს, რომ “ფულის გათეთრებას და სხვა არალეგალურ საქმიანობას” ადგილი ჰქონდა. ესტონეთის ფინანსური ინსპექციის განცხადებით კი, სისტემამ, რომელსაც ფულის გათეთრება უნდა აღმოეფხვრა, კრახი განიცადა.

The Guardians-ის ცნობით, ბანკის გადარიცხვები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ წევრებთანაც ხორციელდებოდა.

საბანკო ანგარიშებით გამოვლინდა, რომ ედუარდ ლინტნერმა, რომელიც ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი და აზერბაიჯანის 2013 წლის არჩევნების მონიტორინგის ხელმძღვანელი იყო, ჯერ 819 500 ევრო, ხოლო არჩევნების შემდეგ 61 000 ევრო მიიღო. ხოლო 2012 – 2014 წლებში ევროპის სახალხო პარტიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოში, ლუკა ვოლონტემ, რომელმაც იტალიის სამართალდამცავთა ეჭვით, აზერბაიჯანისთვის პოლიტპატიმრებზე რეზოლუციის მიღებაში საპარლამენტო ასამბლეას ხელი შეუშალა, ბრიტანეთში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის მეშვეობით 2 მილიონ ევროზე მეტი მიიღო.

საერთო ჯამში, ჯერ კიდევ გაურკვეველია სქემაში გამოყენებული ფულის წარმომავლობა.

მეჰრიბან ალიევა, ილჰამ ალიევი, ფოტო: Luke MacGregor/Reuters

მეჰრიბან ალიევა, ილჰამ ალიევი, ფოტო: Luke MacGregor/Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი