ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი და ეკონომიკის სამინისტრო 1,2 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე შეთანხმდნენ

5 სექტემბერი, 2017 • 2064
საპარტნიორო ფონდი და ეკონომიკის სამინისტრო 1,2 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე შეთანხმდნენ

2017 წლის 28 და 29 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო ფორუმი – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება. ღონისძიებისთვის საჭირო თანხა 1 მილიონ 237 ათას 374 ლარია. აქედან 1 225 000 ლარს „საპარტნიორო ფონდი“ გადაიხდის, 12 374 ლარს კი – სამინისტრო. სამინისტრო და ფონდი უკვე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო შესყიდვები გაამარტივონ და თანხა ტენდერის გარეშე დახარჯონ.

სამინისტრომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს და გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი არის საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ფორმატი ითვალისწინებს 5 თემატურ პანელს. თითოეულ პანელს ხელმძღვანელობს მოდერატორი, რომელიც წარმართავს დისკუსიას… შესაბამისად, პანელს ესაჭიროება საერთაშორისო დონის პროფესიონალი, ინგლისურენოვანი, მსგავსი ტიპის ღონისძიებებში გამოცდილი სპიკერი და მოდერატორი, რომელიც თემატურად ამზადებს და სათანადოდ წარმართავს პანელს. მოდერატორი ფლობს გარკვეულ ცოდნას კონკრეტული სფეროს მიმართულებით, აქვს შესაძლებლობა დააინტერესოს და მთლიანად ჩართოს ღონისძიების დამსწრე საზოგადოება პროცესში. ესენი არიან მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები, ჟურნალისტები, კონკრეტული სფეროს პროფესიონალები, ცნობილი სახეები, ვისი მონაწილეობაც აღნიშნული ფორუმის წარმატებით განხორცილებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ასევე შეუძლებელია ასეთი გამოცდილების და რანგის მოდერატორების ტენდერში მონაწილეობაზე დაყოლიება“- აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ღონისძიების შემადგენელი კომპონენტები და დეტალები დღემდე არ არის ბოლომდე განსაზღვრული და ტენდერი განსაზღვრის შემდეგაც რომ ჩატარდეს, სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული ვადების გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება ღონისძიების დროული ორგანიზება.

სამინისტროს ინფორმაციით, „ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უკვე 2017 წლის სექტემბრის თვიდან დაიწყება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, სპიკერების და მოდერატორების მომსახურებების და ასევე მათ ჩამოსვლასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა“.

გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ან უარ ისააგენტომ სამინისტროს მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე უნდა უთხრას.


„აბრეშუმის გზის ფორუმის“ შექმნის ინიციატივით 2014 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. თბილისში აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი 2015 წელს გაიხსნა, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოსთან ერთად ჩინეთის მთავრობაც იყო.

სს „საპარტნიორო ფონდი“ კი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი