ახალი ამბებიხელოვნება

საქართველოს დელეგაცია თურქეთში ქართული კულტურის ძეგლებს მოინახულებს

4 სექტემბერი, 2017 • 6581
საქართველოს დელეგაცია თურქეთში ქართული კულტურის ძეგლებს მოინახულებს

საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, თურქეთში არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს – პარხალის ხახულის, ოშკისა და ოთხთას ეკლესიებს მოინახულებს.

მიხეილ გიორგაძე, მისი მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს 5 სექტემბერს დაიწყებენ და 8 სექტემბერს დაასრულებენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეხვედრა თურქ კოლეგასთან.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.

ქართული დელეგაციის წევრებს შორის ასევე არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სამსახურის სანებართვო პირობების კონტროლის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი თინათინ კუბლაშვილი და ხელოვნებათმცოდნე, ექსპერტი ირინე გივიაშვილი.

მიმდინარე წლის 23 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 – 2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. მხარეებმა ვალდებულება აიღეს ითანამშრომლონ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მხარეები განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.

საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპი გულისხმობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევა, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი რღვევა ან ჩამოშლა და უზრუნველყოფილ იქნას მათი ყოველმხრივი სტაბილურობა; ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.

მეორე ეტაპი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზიმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებული სამუშაოების მიმართ მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები;

მესამე ეტაპის მიხედვით კი, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში.

კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები დაამტკიცებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმ;

მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუქები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში.

ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე, მხარეები წინასწარ აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, აღნიშნული კვლევების პროცესში, უზრუნველყონ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი