ახალი ამბები

რას ითვალისწინებს კალაძის შვიდპუნქტიანი საარჩევნო პროგრამა

4 სექტემბერი, 2017 • 3728
რას ითვალისწინებს კალაძის შვიდპუნქტიანი საარჩევნო პროგრამა

ქართული ოცნების მერობის კანდიდტმა ამ წუთებში თბილისში, პარტიის სათავო ოფისში საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. კახა კალაძემ შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო:

  1. ურბანული განვითარების პოლიტიკა
  2. სატრანსპორტო პოლიტიკა
  3. ეკოლოგიური პოლიტიკა
  4. სოციალური პოლიტიკა
  5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა
  6. ეკონომიკური პოლიტიკა
  7. მართვის პოლიტიკა

თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა თითოეულ მიმართულებაზე ვრცლად ისაუბრა. მაგალითად, ურბანული განვითარების კუთხით ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა თბილისის წყალმომარაგების პრობლების გადაჭრა, ქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება, ქართული შრიფტის გამოყენება აბრებზე და ა.შ.

კალაძის თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია გაგრძელდება, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობისას განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნებას დაეთმობა.

„უსახური შენობები, რომელიც ჩვენს ქალაქში მომრავლდა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. შეიქმნება სტანდარტები ფასადებისთვის. გარდა ამისა, შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი, ეს იქნება
ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია და ეს გულისხმობს წარწერების, ვიტრინების, აბრებისა და ზოგადად, იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის სათანადო დაცვას“, – განაცხადა კალაძემ.

პროგრამული ხედვის წარდგენისას მერობის კანდიდატმა ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქში ავარიული შენობების პრობლემას დაუთმო და აღნიშნა, რომ ავარიული და ძველი შენობების ინვენტარიზაციისა და გამაგრება-ჩანაცვლების ერთიანი გეგმა შემუშავდება.

„ჩვენ ვიმუშავებთ რაიონების, უბნების თანაბარ განვითარებაზე. უზრუნველყოფილი იქნება თბილისის თითოეული უბნის თანაბარი განვითარება. ყველა უბანში გამოიკვეთება ცენტრები სხვადასხვა
ფუნქციური დატვირთვით, რომელთა განვითარებაზე იზრუნებს მერია კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

კალაძემ სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა.

“ჩვენ ვიმუშავებთ, რომ საქართველოში წარმოებული ავტობუსებით უზრუნველვყოთ თბილისის მოთხოვნების დაკმაყოფილება,” – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, შეიქმნება ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია. კალაძის განცხადებით, განხორციელდება მეტროს რეაბილიტაციის
მასშტაბური სამუშაოები, არსებული მეტროსადგურების რეკონსტრუქცია. დაიგეგმება მეტროს ახალი ხაზების განვითარება.

კახა კალაძემ საცობებსა და ცენტრალური უბნების გადატვირთვასთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, სპეციალური პროგრამა ამუშავდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი
გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა მუდმივ რეჟიმში მოხდება.

მისივე განმარტებით, ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს.

კალაძის თქმით, წყალმომარაგება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მოგვარება მერიის პირდაპირი საქმიანობა არ
არის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესში აქტიური ჩართულობაა საჭირო.

„უახლოეს პერიოდში ვგეგმავ, GWP-ის ხელმძღვანელობას შევხვდე და მომდევნო წლების გეგმებს გაგაცნობთ, თუ რას აპირებს ეს კომპანია, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება და რა
თანხები დაიხარჯება“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემის სრულად გადაჭრას თბილისის ყველა უბანში განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა.

სახელისუფლებო კანდიდატმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებით გამოყოფს ეკოლოგიურ პრობლემას. მისი თქმით, ქალაქის ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა ჰაერის დაბინძურებაა, რაც გამოწვეულია გაუმართავი ტრანსპორტით გამონაბოლქვით, მშენებლობების და გრუნტის მტვერით.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, უზრუნველყოფილი იქნება გრუნტის ეტაპობრივი დაფარვა შესაბამისი საფარით და ჩამოყალიბდება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დაბინძურების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.

ეკოლოგიის მიმართულებით კალაძემ ისაუბრა ბაღების და სკვერების მოწყობის აუცილებლობაზე. კახა კალაძემ ზოოპარკის ტერიტორიის, მზიურის, ვაკის პარკის, მუშტაიდის პარკის და სხვა მწვანე სივრცეების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა:

„თბილისში 1400-მდე პარკი და სკვერია, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება და ამას აუცილებლად მოვახერხებთ. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება ყველასთვის სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დენდროლოგიური პარკის აღდგენასა და კეთილმოწყობას. ეს პარკი დაახლოებით 200 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა იქ არსებული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. გპირდებით, რომ ეს ადგილი თბილისისა და თბილისელებისთვის
ძალიან მალე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი“ – განაცხადა მერობის
კანდიდატმა.

სოციალური პოლიტიკის კუთხით კახა კალაძემ ძირითადად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა სასწრაფო სამსახურის გამართული ფუნქციონირების აუცილებლობას. მისი თქმით, თბილისი უნდა გახდეს ინკლუზიური ქალაქი:

„მერია იზრუნებს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფაზე ღირსეული საცხოვრებლით; ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმპ-ებისთვის; განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა თბილისი გახდეს ინკლუზიური ქალაქი. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის
ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა ობიექტების ადაპტირება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით თბილისის მერობის კანდიდატმა ისაუბრა საბავშვო ბაღების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დედაქალაქის უბნებში მოეწყობა ახალგაზრდებისთვის ცენტრები.

„2012 წელს, საბავშვო ბაღების მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმა – საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის გახდა უფასო და ყოველწლიურად ბაღებში ბავშვების რაოდენობა მატულობს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ჩვენ ამ მატებას უნდა დავხვდეთ მომზადებული. მერიამ, გასული წლების განმავლობაში, განახორციელა 12 საბავშვო ბაღის პროექტი, ათის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელს უკვე დასრულებული იქნება. ჩვენ, მომავალ წელს, აუცილებლად გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი ბაღების მშენებლობას. დადგინდება მომსახურების ახალი, მაღალი
სტანდარტი და მერია უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად მათ ავტორიზაციას“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა თბილისის ყველა რაიონში, ახლებურად დაიგეგმება თბილისობა და სხვა კულტურული ღონისძებები.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას საფუძვლად მუნიციპალური განვითარების გეგმა დაედება. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციაც.

ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით კახა კალაძემ ისაუბრა ღამის ეკონომიკის განვითარების შესახებ. მისი თქმით, ამ მიმართულებით შეიქმნება კონცეფცია.

„ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ მუშაობა და გამონაკლისი ჩვენი ქალაქიც არ იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ჩამოყალიბდება და განხორციელდება ღამის ეკონომიკის
კონცეფცია, რომელიც უბნების განვითარებას და ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.

„იქნება გათვლილი ტურისტული პოტენციალი და ქალაქის ინტერესებისთვის ამის სწორად გამოყენება. მიხარია, რომ ყოველწიურად ტურისტული ნაკადი ჩვენს დედაქალაქში იზრდება, თუმცა მეტი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ თბილისი უცხოელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მართვის პოლიტიკის კუთხით დაგეგმილია მერიის სტრუქტურის ეფექტური ფუნქციონირება, მოხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან მუშაობა დედაქალაქის ბიუჯეტის გასაზრდელად და ა.შ.

კალაძის თქმით, ასევე, აუცილებლად განხორციელდება მერიის არსებული სტრუქტურის ანალიზი, რომლის საფუძველზეც მერიის მართვის, კოორდინაციის, ანგარიშ-ვალდებულებისა და კომუნიკაციის ახალი სისტემა განისაზღვრება. მისივე განცხადებით, შეისწავლიან მოქალაქეთა მომსახურების ხარისხს, გამოვლინდება არსებული ნაკლოვანებები და დაისახება მათი აღმოფხვრის გეგმა.

„არსებული ბიუჯეტით, რომელიც მერიას გააჩნია, მერწმუნეთ, შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რაზეც ვსაუბრობთ და გვაქვს დაგეგმილი. ამიტომ, მთავრობასთან მოგვიწევს მუშაობა, რათა მოვახერხოთ ბიუჯეტის გაზრდა, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

მან მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„მუნიციპალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაიხვეწება თბილისელების მონაწილეობის მექანიზმები. დაინერგება მათი მონაწილეობის ინოვაციური მოდელი, რომლის საფუძველზეც,
თბილისელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი უბნის განვითარების შესახებ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი, თუ რომელი პროექტია მათი უბნისთვის პრიორიტეტული“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის საარჩევნო პროგრამის წარდგენას დაესწრო პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი