თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ფუნქციონირებას ახალ შენობაში გააგრძელებს

თბილისში არსებული გერმანული საერთაშორისო სკოლა, რომელიც მსოფლიოში არსებული 140 გერმანული სკოლებიდან ერთ-ერთია, ახალ სასწავლო წელს ახალაშენებულ შენობაში დაიწყებს. სკოლის ახალი შენობა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი სასკოლო კამპუსი სკოლას საშუალებას მისცემს, პირველ კლასში დამატებით 25 მოსწავლე მიიღოს.

გერმანული საერთაშორისო სკოლის ახალი შენობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით იმ 8300 კვ.მ ფართობზე აშენდა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სკოლას 2014 წლის დეკემბერში უსასყიდლოდ გადასცა.

“ნამდვილად ღირშესანიშნავია თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს არის გერმანული განათლება, გარდა ამისა, 25 პირველკლასელი შეემატება ამ სკოლას. ეს სკოლა ძალიან შეზღუდულ შენობაში იყო აქამდე და არ ჰქონდათ საშუალება მოთხოვნის მიუხედავად, რომ პირველკლასელები მიეღოთ. მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, რომ მხარს უჭერენ ამ პროექტს” – ამბობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

გერმანული საერთაშორისო სკოლა

გერმანული საერთაშორისო სკოლა

სკოლის ახალი შენობის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში. როგორც ჰაიკე რენატე პაიჩი ამბობს, გერმანული საერთაშორისო სკოლა მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის:

“გერმანული საერთაშორისო სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და მოხარული ვარ, რომ ხვლაიდან 116 მოსწავლე და 60 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი დაიწყებს ამ ლამაზ შენობაში სწავლას.” – ამბობს ჰაიკე რენატე პაიჩი.

გერმანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეებს სასკოლო განათლებას გერმანულ ენაზე გერმანული სასწავლო გეგმითა და გერმანული ატესტატით სთავაზობს. პარალელურად, სკოლა ინტეგრირებულია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან და გააჩნია სახელმწიფო ავტორიზაცია. ის ღიაა ბავშვებისთვის როგორც გერმანულენოვანი სახელმწიფოებიდან, ასევე, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს გერმანელი და ქართველი მშობლების ინიციატივით დაარსდა.

 

ამჟამად სკოლაში 116 მოსწავლე სწავლობს პირველიდან მე-8 კლასამდე. სკოლას ყოველწლიურად ერთი კლასი ემატება. გერმანულენოვან საბავშვო ბაღში კი, რომელიც სკოლას ეკუთვნის, 60 ადგილია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი