მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

მიტროპოლიტი დიმიტრი: დეკანოზმა გერმანიაში ჩამოსვლაზე კურთხევა მთხოვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზისთვი,ს გიორგი მამალაძისთვის გერმანიიდან მას არ დაურეკავს და ჩასვლა არ უთხოვია, როგორც ამას მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ პირიქით, მას დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მისწერა დაახლოებით 2 თებერვალს და გერმანიაში ჩასვლაზე კურთხევა სთხოვა:

“არა, მე არ დამირეკავს, უბრალოდ, თვითონ შემატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა [ჩამოსვლის] და მე მივეცი კურთხევა და გადმოვუგზავნე მას და დაახლოებით 7-8 მღვდელმთავარს კლინიკის მისამართი და სასტუმრო, სადაც ვიყავით გაჩერებული. ეს იყო და ეს”.- ამბობს დიმიტრი შიოლაშვილი.

მისივე თქმით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მას განუმარტა, თუ რატომ სურდა გერმანიაში ჩასვლა და ის ადრეც ყოფილა გერმანიაში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მკურნალობის კურსს გადიოდა:

“რა თქმა უნდა, განმიმარტა, წინა მკურნალობის დროსაც არაერთხელ ჩამოსულა და იქ იყო დაახლოებით 30 ადამიანი, ვისაც სურვილი ჰქონდა ჩამოსულიყო და დასწრებოდა პატრიარქის ოპერაციას. მღვდელმთავრები იყვნენ, მღვდლები იყვნენ, სასულიერო პირები იყვნენ, საერონი და ასე შემდეგ.

მომწერა, რომ მას ჰქონდა სურვილი, მე სასამართლოზეც განვაცხადე, რომ მოვწერე, რომ ძალიან განვიცდიდით პატრიარქის მდგომარეობას, რადგან ექიმები ცოტა ორჭოფობდნენ ასაკის გამო, დიაბეტის გამო და ასე შემდეგ. ძალიან განვიცდით-მეთქი პატრიარქის მდგომარეობას და ის მწერდა, რომ მესმის თქვენიო და ეს იყო ჩვენი საბოლოო ურთიერთობა. მე მითხრა, მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე და თუ შეიძლება მაკურთხეთო”,- ამბობს დიმიტრი შიოლაშვილი.

რუსთვავი 2-მა დღევანდელ კურიერში დააანონსა იმ ვიდეომასალის გასაჯაროება, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნაწილობრივ აჩვენა საზოგადოებას შუალედურ ანგარიშში.  დაკავებული დეკანოზის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის დაანონსებული ვიდეო მას უკვე გამოძიების ფარგლებში ნანახი აქვს და სწორედ ამიტომ აცხადებდა დაცვის მხარე, რომ პროკურატურა იტყუება. ადვოკატის განცხადებით, ეს არის იმ ვიდეოს გაგრძელება, რომელიც დეკანოზის წინააღმდეგ ნაწილობრივ აჩვენა ბრალდების მხარემ საზოგადოებას. მისივე თქმით, გერმანიაში გამგზავრებამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დაურეკა.

“მეუფე დიმიტრიმ დაურეკა და როდის ჩამოდიხარო, ჰკითხა. როგორ წავიდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, ისე უნდა ჩასულიყო მამა გიორგიც გერმანიაში. არანაირი მკვლელობის განზრახვა მას არ ჰქონია,” – ამბობს რამიშვილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. ამავე ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშული. “ციანიდის საქმეზე” სასამართლო სხდომები დახურული იყო.

ამ საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხულია თავად მიტროპოლიტი დიმიტრი, მისი სიძე – სოსო ოხანაშვილი, რომელიც პატრიარქის დაცვის უფროსი იყო და დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ გადადგა ამ პოსტიდან, ხოლო რამდენიმე დღის წინ დატოვა საქართველოც და გერმანიაში იმყოფება. დეკანოზი მამალაძე ბათუმის ეპარქიაში მსახურობდა, სადაც დიმიტრი მიტროპოლიტია, უმაღლესი მღვდელმსახური.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები). მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მამალაძე აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com