ახალი ამბები

რამიშვილი: გერმანიაში გამგზავრებამდე დეკანოზ მამალაძეს მეუფე დიმიტრიმ დაურეკა

4 სექტემბერი, 2017 • 3119
რამიშვილი: გერმანიაში გამგზავრებამდე დეკანოზ მამალაძეს მეუფე დიმიტრიმ დაურეკა

შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გერმანიაში გამგზავრებამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დაურეკა.

“მეუფე დიმიტრიმ დაურეკა და როდის ჩამოდიხარო, ჰკითხა. როგორც წავიდნენ მეუფე თეოდორე და მეუფე იაკობი, ისე უნდა ჩასულიყო მამა გიორგიც გერმანიაში. არანაირი მკვლელობის განზრახვა მას არ ჰქონია,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მიხეილ რამიშვილმა.

რუსთვავი 2-მა დღევანდელ კურიერში დააანონსა იმ ვიდეომასალის გასაჯაროება, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნაწილობრივ აჩვენა საზოგადოებას შუალედურ ანგარიშში. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ვიდეოში ჩანს, თუ როგორ პროვოცირებას ეწეოდა ბრალდების მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძესთან პირადი საუბრისას, რომელსაც პარალელურად იწერდა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, რუსთავი 2-ის დაანონსებული ვიდეო მას უკვე გამოძიების ფარგლებში ნანახი აქვს და სწორედ ამიტომ აცხადებს დაცვის მხარე, რომ პროკურატურა იტყუება. ადვოკატის თქმით, ეს არის იმ დამონტაჟებული ვიდეოს გაგრძელება, რომელიც დეკანოზის წინააღმდეგ ბრალდების მხარემ საზოგადოებას აჩვენა, სადაც თითქოს გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის “დაბრედვაზე” და “მარილზე გაშვებაზე” საუბრობს.

“ვიდეოში ახალი არის ის, რომ არანაირი “დაბრედვის” მნიშვნელობით საუბარი არ მიმდინარეობს. იქ დეტალურად მიდის მამა გიორგისა და ირაკლი მამალაძის დიალოგი. ადამიანის აგდება რომ გინდა, იქნებ რაღაც ინფორმაცია მიიღო, ეს ჩანს ირაკლი მამალაძისგან კარგად. პროვოცირებს, მოკლედ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთი ინფორმაციები გადიოდა, თურმე ღამეები არ ეძინა ირაკლი მამალაძეს და ნერვიულობდა… მთლიანი სურათი ხომ უნდა ნახოს ხალხმა და ეს არის, რაც მანახეს,” – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ვიდეოში ასევე ჩანს, “მარილზე გაშვების” თქმისას როგორ “კისკისებს” ირაკლი მამალაძე: “ადამიანი რომ იგებს, რომ ვიღაც დანაშაულს სჩადის, იმას არ უნდა ეკისკისებოდეს და ეცინებოდეს, მგონი. პრივატული საუბარი და ბაქი-ბუქობაა მთელი ვიდეო. როგორ გავრცელდა, არ ვიცი.”

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი კი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზისთვის, გიორგი მამალაძისთვის გერმანიიდან მას არ დაურეკავს და ჩასვლა არ უთხოვია, როგორც ამას მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს. მიტროპოლიტის თქმით, დეკანოზმა მამალაძემ თვითონ მისწერა დაახლოებით 2 თებერვალს და გერმანიაში ჩასვლაზე კურთხევა სთხოვა.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან “ნატრიუმის ციანიდი” ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. მოქალაქის [ირაკლი მამალაძის] თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ. მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძის სასამართლოს სხდომები დახურულია, ასევე, პროკურატურის მოთხოვნით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი მამალაძის ადვოკატებს. ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი