ახალი ამბები

ხულოში, თელავსა და თუშეთში ხანძრების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

4 სექტემბერი, 2017 • 1898
ხულოში, თელავსა და თუშეთში ხანძრების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ხულოში, თელავსა და თუშეთში ხანძრების ლოკალიზებაზე მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ. ყვარელში კი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ხულოში, შავნაბადას მთაზე ტყის მასივს ხანძარი გუშინ, 3 სექტემბერს გაუჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის კერებთან 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, რომ მეხანძრეები აღჭურვილები არიან ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით. ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრის კერებთან ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა. სააგენტოში ამბობენ, რომ იმისათვის, კერებამდე სახანძრო მანქანების მიყვანა რომ მოხერხდეს, ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

რაც შეეხება თელავში, ართანის ტყეში  2 სექტემბერს გაჩენილ ხანძარს, ადგილზე 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა, მათ შორის ორი ვერტმფრენი ირანიდან, ერთი კი შსს-ს კუთვნილი სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს. რთული რელიეფიდან გმაომდინარე, კერებთან ვერ ხერხდება ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მიყვანა და ცოცხალი ძალის მიყვანაც ვერტმფრენის დახმარებით ხდება. საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლის კერებთან შეტანილია რამდენიმე რამდენიმეტონიანი ცისტერნა, რომელიც მეხანძრეებისთვის დამატებითი წყლის რეზერვუარების ფუნქციას ასრულებს. ართანის ტყეში ცეცხლის ლოკალიზებისთვის მიმდინარე სამუშაოებში დღეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი დამატებით ჩაერთო.

ცოცხალი ძალა ცდილობს თუშეთში 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებასაც.

რაც შეეხება ყვარელში, შილდის მთის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს, ადგილზე უკვე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი კვარელში 2 სექტემბერს გაჩნდა და მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა გუშინ, 3 სექტემბერს შეძლეს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი