ახალი ამბები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია – ქართველი მეხანძრეები “საზღვარს” ვერ სცდებიან

4 სექტემბერი, 2017 • 3744
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია – ქართველი მეხანძრეები “საზღვარს” ვერ სცდებიან

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევის ტყის მასივში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ფლავისმანს და ქვეშს ესაზღვრება, ძლიერი ხანძარია. ხანძaრს ამ დროისთვის მხოლოდ ცხინვალიდან გასული მეხანძრეები ებრძვიან, რადგან ე.წ. საზღვარზე ქართველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არ შეუშვეს.

გორის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ანა ლაფაჩის ცნობით, ხანძარი საკმაოდ ძლიერია და მალე ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიამდე არ მოუღწევია. მისი ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ხანძარი ე.წ. საზღვრამდე გადმოვა, ქართველი მეხანძრე-მაშველები ადგილზე მომზადებული დახვდებიან.

ე.წ. საზღვართან საქართველოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, რომლებმაც შესთავაზეს ცხინვალს დახმარება, თუმცა უარი მიიღეს. შიდა ქართლის გუბერნატორის, კახა სამხარაძის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ხანძარი ქართულ სოფლებში გავრცელდეს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. საზღვრის აქეთ გადმოვა ცეცხლი, ქართველი მეხანძრე-მაშველები მზად დახვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი