ახალი ამბები

ცესკო: საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ყოფილი პარლამენტარი და მისი შვილი მოკვლით დაემუქრნენ

3 სექტემბერი, 2017 • 2358
ცესკო: საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ყოფილი პარლამენტარი და მისი შვილი მოკვლით დაემუქრნენ

ცესკოს განცხადებით, 2 სექტემბერს ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) მუქარა განახორციელეს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით. ცესკოს განცხადებით, საყურადღებოა, რომ ჰასმიკ მარანგოზიანის განცხადებით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი მუქარა მის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა.

“გარდა ამისა, გუშინვე, სამველ პეტროსიანმა ქუჩაში მიმავალ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს, მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით,” – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

როგორც ცესკო აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გაეგზავნება პროკურატურას:

“საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.”

ცესკო მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებების განხორციელებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი