ახალი ამბები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მოუგებელი სერია ირლანდიასთანაც გააგრძელა

2 სექტემბერი, 2017 • 2730
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მოუგებელი სერია ირლანდიასთანაც გააგრძელა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმ, 2018 წლის მსოფლიოს შესარჩევში ირლანდიასთანაც გააგრძელა მოუგებელი სერია – თბილისში გამართული მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა. ანგარიში ირლანდიელმა შეინ დაფმა გახსნა, ხოლო ჯანო ანანიძის კარგი პასით ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა გაათანაბრა.

მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს ძირითადად ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ (67%-33%), თუმცა საგოლე მომენტები ორივე გუნდს თითქმის თანაბრად ჰქონდათ. ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა.

საქართველოს ნაკრებიდან გატანილი გოლის ავტორი, ვაკო ყაზაიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს და ეს ირლანდიასთან პირველ ტაიმში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, როცა ბურთს თითქმის სულ ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ.

“კარგია, რომ არ წავაგეთ თამაში იმიტომ, რომ წინა თამაშები ირლანდიასთან წაგებული გვქონდა. გავტეხეთ ნავსი, ასე ვთქვათ. ვფიქრობ, თავიდანვე ძნელი იყო – შეცდომით გავუშვით გოლი და მერე ძნელი იყო თამაშში დაბრუნება, მაგრამ მაინც ვიმსახურებდით გამარჯვებას. პირველი ტაიმი განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ,” – განუცხადა ყაზაიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

გამართული შვიდი თამაშიდან საქართველოს ნაკრებს 4 ფრე და 3 წაგება აქვს; შესაბამისად, ვლადიმერ ვაისის გუნდი 4 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება ჯგუფში. ბოლო ადგილზე 2 ფრითა და 5 წაგებით მოლდოვაა. ირლანდიას შვიდ თამაშში 13 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა ჯგუფში და ლიდერ სერბეთს 2 ქულით ჩამორჩება.

საქართველოს პრაქტიკულად უკვე აღარ აქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის, ხოლო ირლანდია ბრძოლას განაგრძობს. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბოლო ოფიციალური შეხვედრა 2015 წლის 8 ოქტომბერს ევროპის შესარჩევ ციკლში გიბრალტარის ნაკრებთან მოიგო.

დღევანდელი შეხვედრა “დინამო არენაზე” საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა – ბილეთებით შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება.

ვაკო ყაზაიშვილი ირალანდიის წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. ფოტო: GFF

ვაკო ყაზაიშვილი ირალანდიის წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. ფოტო: GFF

მასალების გადაბეჭდვის წესი