ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

2 სექტემბერი: ქვეყნის მასშტაბით მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ოთხ ლოკაციაზე ცდილობენ

2 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ხანძარი ოთხ ადიგლას გაჩნდა. შესაბამისი სამსახურები ხანძრის ჩაქრობას თელავში, ყვარელში, თუშეთსა და ყაზბეგში ცდილობენ.

როგორც   შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  თელავში ცეცხლი სოფელ ართანაში, ტყის მასივს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. ამჟამად ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

თელავის გარდა, ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში ხანძრის ქრობის პროცესში, შსს–ს მეხანძრე–მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულია ვერტმფრენი. შსს-ში აცხადებენ, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები იქაც გრძელდება და ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გავრცელების პრევენციას მალე მოახდენენ.

ყაზბეგის მუნიფიპალიტეტის სოფელ ჯუთასთან გაჩენილი ხანძარი კი უკვე სრულად ლოკალიზებულია. ჯუთას მიმდებარედ, ალპურ ზონაში, ბალახზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია შსს-ს ათობით მეხანძრე-მაშველი შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.

ამ დროისთვის ხანძარია თუშეთშიც. როგორც შსს-ში აცხადებენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიც.

“ათეულობით მეხანძრე–მაშველი და შსს-ს ვერტმფრენი ახორციელებს მთათუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოთხივე ლოკაციაზე ხანძარი რთულად მისადგომ ადგილასაა გაჩენილი. ამ ეტაპზე, შსს-ში არ აკონკრეტებენ, რა ფართობზეა ხანძრები გავრცელებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი