ახალი ამბები

ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის განმარტება რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაზე

16 მაისი, 2013 • • 1306
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის განმარტება რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაზე

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის განმარტებას:

 

“გუშინ გავრცელდა ორი წერილი: ერთი, მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილის განცხადება და მეორე, საპატრიარქოს წერილი, რომელსაც სხვა რვა რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად ბაპტისტური ეკლესიაც აწერს ხელს. ეს ორი წერილი პათოსით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რამაც გააჩინა შეკითხვები. ამიტომაც გაწვდით პროცესში ჩართული ეპისკოპოსების კომენტარს მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში: 

1. ჩვენი ეკლესიის მიდგომასა და დამოკიდებულებას საკითხის მიმართ სრულად ასახავს მთავარეპისკოპოსის წერილი.

2. საერთო წერილს შევუერთდით იმის გამო, რომ აქაც დაგვეფიქსირებინა, რომ ჰომოსექსუალებს, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, აქვთ სრული უფლება იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ და არავის აქვს უფლება მათ და ზოგადად ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევისა.

3. როგორც ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება დაიცვან თავიანთი უფლებები, ასევე აქვთ უფლება სხვებსაც, მშვიდობიანი გზით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმის მიმართ.

4. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვერსია, რომელიც საპატრიარქომ შემოგვთავაზა, დრამატულად იქნა შეცვლილი, საპატრიარქოს არ ჰქონია ახირება, რომ მაინცდამაინც თავის ვერსიაზე ყოფილიყო ხელმოწერები და სრულად გაითვალისწინა ყველა ეკლესიის აზრი. რა შესწორებაც ჩვენ მივაწოდეთ, უსიტყვოდ და კეთილსინდისიერად ჩართეს წერილში.

5. ამ განცხადების ტექსტი სრულად არ არეკლავს ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ (მალხაზის წერილი არის ჩვენი პოზიციის სრული გამოხატვა), მაგრამ ჩვენი ხელმოწერა არის სოლიდარობის ნიშანი იმ ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რომლებიც მოწადინებულნი არიან ძალადობის გარეშე, მშვიდობიანი გზით გამოხატონ აზრი და დადგნენ თავიანთი რწმენის და ღირებულებების სადარაჯოზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი