ახალი ამბები

კობახიძე: ქართველი ხალხი დარჩა მოგებული, რომელმაც მიიღო ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია

2 სექტემბერი, 2017 • 3207
კობახიძე:  ქართველი ხალხი დარჩა მოგებული, რომელმაც მიიღო ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სანამ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებდა, კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან ჰქონდათ. კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ოპოზიციის ქმედებით იყო განპირობებული. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას პროცესების ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საბოლოო კამში მოგებული ქართველი ხალხი დარჩება, რომელმაც მიიღო ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია:

“ვიდრე ჩვენ გავავრცელებდით განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მანამდე, ბუნებრივია, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შორის.

უმარტივეს კითხვაზე მოვითხოვეთ პასუხის გაცემა. ასეთი  პასუხის მიუღებულობის პირობებში შეუძლებელი გახდა დისკუსიის წარმოება უმრავლესობასა და პოზიციების შეჯერება.

მარტივ კითხვაზე პასუხის გაუცემლობით, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა პროცესი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, კონსენსუსის არმიღწევა, როგორც ჩანს, იყო ოპოზიციის თვითმიზანი. ხარისხზე ისინი ვერაფერს ამბობენ, ერთადერთი რაზეც შეუძლიათ აქცენტის გადატანა, ეს არის ე.წ. კონსენსუსის მიღწევა. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ კონსენსუსზე არ წამოვიდოდნენ და ასეთ პირობებში ეგონათ, რომ დარჩებოდნენ მოგებული, თუმცა ქართველი ხალხი დარჩა მოგებული, რომელმაც მიიღო ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია” – ამბობს კობახიძე.

მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ასეთი განცხადებისა, კონსტიტუციის პროექტის ამგვარი რედაქცია მიუღებელია როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე ოპოზიციისთვის. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის არსებით ცვლილებას მოითხოვენ, რაც შერეულიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას გულისხმობს. ვრცლად, რა პოზიციები აქვთ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, წაიკითხეთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი