განაჩენის მოლოდინში – ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომები დასრულდა

დღეს, 1 სექტემბერს, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომები დამთავრდა. ბოლო სხდომაზე მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძის და მისი ადვოკატების დასკვნითი სიტყვა მოისმინა, ხოლო ამის წინა სხდომაზე ბრალდების მხარე წარდგა შემაჯამებელი სიტყვით. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე უახლოეს პერიოდში მიიღებს და ამის შესახებ მხარეებს მისი თანაშემწე წინასწარ აცნობებს.

პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაპატიმრებული დეკანოზის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ დაცვის მხარისა და გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს ობიექტურმა და დამოუკიდებელმა მოსამართლემ, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ პროკურორები.

“ის, თუ როდის გამოიტანს მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას, ამის თაობაზე წინასწარ შეგვატყობინებს მოსამართლის თანაშემწე. როგორც ვფიქრობ, მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. თუ გავითვალისწინებთ ამ საქმის დაწყების დღიდან დღემდე სასამართლო ჩვენებების პოზიციებიდან, ვიმედოვნებ, მოსამართლე სრულად დამოუკიდებელი იქნება. შინაგანი რწმენა, რომელიც უნდა იყოს ინტელექტუალურად და რაფინირებულად დახვეწილი ადამიანის აზროვნებიდან მომდინარე, თუ ექნება მოსამართლეს, მიიღებს დამოუკიდებელ და ობიექტურ გადაწყვეტილებას; ის არ შეასრულებს სხვა მოთხოვნას, გარდა იმ მოთხოვნისა, რომელსაც ავალდებულებს კანონი სამართლიანობასთან დაკავშირებით და მამა გიორგის მიმართ გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს,” – ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დეკანოზის ადვოკატი ამბობს, არათუ გიორგი მამალაძისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იქნება კატასტროფა:

“ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ სამართალი ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს. სადაც სამართალი არ იარსებებს, იქ არც ერთი ჩვენგანის ცხოვრება არაფრით იქნება დაცული. ამიტომ ამას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება, ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება და ყველამ კარგად უნდა გაიაზროს – ვისაც კი სურვილი ექნება, რომ ამ უკანონობით რამე დაიდასტუროს და დაიმტკიცოს, მისთვის ეს იქნება დამღუპველი. ეს ეხება ყველა იმ მაღალჩინოსანს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. თვით პრემიერ-მინისტრი იქნება ეს, თუ მთავარი პროკურორი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუ საფრთხის წინაშე დადგა ამ ქვეყანაში ცხოვრების აზრი და არსი, პასუხისმგებელნი იქნებიან ისინი. თუ დადასტურდა, რომ ისინი შეძლებენ მოსამართლეზე გარკვეული ზეწოლით მიიღონ ის გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია გამამტყუნებელი განაჩენი…”

რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძის დასკვნით სიტყვაში საკმაოდ მოცულობით იყო გაშლილი ყველა მნიშვნელოვანი და ყურადსაღები საკითხი. როგორც ადვოკატი ამბობს, დეკანოზმა აბსოლუტურად დეტალურად განსაჯა ყველაფერი და მოიყვანა ძალიან ბევრი მაგალითი.

“მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგი ბრალდებულია, ის საუბრობდა, როგორც ჩამოყალიბებული, დახვეწილი სულიერი მოძღვარი, რომელიც არათუ მხოლოდ საკუთარ თავს იცავდა, არამედ ქადაგებდა, თუ რა არის სიმართლე და რატომ არის თვითონ ამ საქმეში უდანაშაულო. ამ უკანონობით არა მარტო მას მიადგება პირადად საფრთხე, თვით ეკლესიაც კი დიდი საფრთხის ქვეშ დადგება. მისი დასკვნითი სიტყვა არ არის ლექსი და პატარა მონოლოგი, რომ ზუსტად გითხრათ, რა თქვა. მამა გიორგი ყველა სფეროს შეეხო და ყველა პიროვნებას: ქალბტონ შორენას, მაღალ სასულიერო პირებს, პროკურატურას, მთავარ პროკურორს, ჩინოვნიკებს და ყველას… დეკანოზმა მოუწოდა მათ, რომ გონიერება ყველაზე მთავარია,” – ამბობს ადვოკატი.

როგორც წინა პროცესებზე, ჟურნალისტებთან საუბრისას რადიკალურად განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ პროკურორები. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ აბსოლუტურად იგივე იყო დეკანოზ მამალაძის საბოლოო სიტყვა, როგორც მისი ჩვენება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ბრალდებულის დასკვნითი სიტყვა ძირითადად სიცრუეზე იყო აგებული, თითქოს მსაზე გამოძიების ეტაპზე ზეწოლა ხორციელდეობდა:

“მას 6 ადვოკატი იცავს და თითოეულ პროცესს ესწრებოდა სახალხო დამცველი, ასევე, მისი წარმომადგენელი. როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს რაიმე ზეწოლაზე ბრალდებულის მიმართ? ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ რაიმე ახალს იტყოდა იგი.”

როგორც წიკლაური ამბობს, უტყუარი მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარე გამამყყუნებელ განაჩენს ელოდება, ხოლო ადვოკატები ცრუ მოლოდინს ქმნიან, თითქოს ბრალდებული შეიძლება გამართლდეს, რაც პროკურორებისთვის წარმოუდგენელია.

“არსებობს მყარი მტკიცებულებითი საფუძველი და მხოლოდ ერთი დასასრული შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს – ეს არის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა ადამიანის მკვლელობის მომზადებისთვის. ეს არის ფაქტი, ამას ველოდებით და სხვა შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს. მოსამართლეს ბრალდებულმა მიმართა, რომ აქვს ბევრი დამსახურება და იგი იყო კარგი სასულიერო პირი. შეეცადა თავის წარმოჩენას მსხვერპლად და მოსამართლის დარწმუნებას იმაში, რომ ის არის უდანაშაულო, თუმცა ფაქტები მეტყველებს აბსოლუტურად სხვას,” – ამბობს პროკურორი.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან “ნატრიუმის ციანიდი” ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. მოქალაქის [ირაკლი მამალაძის] თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ. მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძის სასამართლოს სხდომები დახურულია, ასევე, პროკურატურის მოთხოვნით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი მამალაძის ადვოკატებს. ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხეთ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.