ახალი ამბები

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

1 სექტემბერი, 2017 • 2771
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

დღეს, 1 სექტემბერს, 18-დღიანი პროტესტის შემდეგ რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლას სხვა გზით გააგრძელებენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ გვითხრა, რომ დაიწყებენ სამართლებრივ ბრძოლას იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც მათ მიმართ განხორციელდა ამ დღეებში.

“შიმშილობა შეწყდა იქიდან გამომდინარე, რომ 18 დღის განმავლობაში ვხედავთ იგნორს სახელმწიფოს მხრიდან, ასევე რკინიგზის დესტრუქციულ ქმედებებს, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდა. ჩამოიხსნა ნიღაბი სახელმწიფომ… ამ 18 დღის განმავლობაში აურაცხელი დარღვევები მოხდა ჩვენ წინააღმდეგ, დაწყებული ცემით, დაკავებებით, კარვის გაშლის უფლების შეზღუდვით”, – ამბობს ვიტალი გიორგაძე.

ვიტალი გიორგაძის თქმით, მათი პროტესტი სახელმწიფომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიტანა. გიორგაძე პოლიტიკურ დაინტერესებას უკავშირებს ოქიტაშვილის სურვილს, რომ პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

“აუცილებელია ყველა ერთად დავირაზმოთ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გადასარჩენად”, – ამბობს გიორგაძე.

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ 15 აგვისტოს შიმშილობის აქცია დაიწყეს სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელმძღავნელების გადაწყვეტილებით, მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეეცვალათ, ხოლო ტრანსპორტსა და საცხოვრებელს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს.

ისინი აცხადებენ, რომ შეცდომაში შეიყვანეს და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი, სამუშაო ადგილის ცვლილებას არ ითვალისწინებდა.

საქართველოს რკინიგზა საპირისპიროს ამტკიცებს. მათ ჟურნალისტებს ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინეს, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობენ და მოუწოდებენ თანამშრომლებს, დაბრუნდნენ და შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. რკინიგზელები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებაა და პირადად მათ სამუშაო პირობებზე ამ დრომდე არავინ გასაუბრებია, ამიტომ უარს აცხადებენ, შეწყვიტონ შიმშილობის აქცია. ისინი რჩებიან შენობის წინ და ელოდებიან, როდის მივლენ მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები

მასალების გადაბეჭდვის წესი