ახალი ამბები

შერჩეული გადაცემების დაწუნება კომისიის იდეის დისკრედიტაციაა, რაც მენეჯმენტს აწყობს – კაჭკაჭიშვილი

1 სექტემბერი, 2017 • 1846
შერჩეული გადაცემების დაწუნება კომისიის იდეის დისკრედიტაციაა, რაც მენეჯმენტს აწყობს – კაჭკაჭიშვილი

როგორც ახლა გაირკვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის შერჩეული  9 გადაცემიდან სამი  მაუწყებლის განახლებულ საეთერო ბადეში ვერ მოხვდება. ეს გადაცემებია  “Modem/art”, „სუპერ გმირი“ და „ოკულარი“ .

ისინი კომისიამ 21 ივნისს დაასახელა მათ მიმართულებებში საუკეთესო პროექტებად.

როგორც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, კომისიას სარეკომენდაციო დანიშნულება ჰქონდა და კონკურსში გამარჯვება გადაცემების ეთერში გაშვების ცალსახა პირობა არ ყოფილა. მაუწყებლის ეს გადაწყვეტილება ეჭვებს უჩენს გადაცემების შესარჩევად შექმნილი კომისიისა და სამეურვეო საბჭოს წევრებს. ერთ-ერთი პროექტის ავტორი კი გეგმავს, სასამართლოს მიმართოს.

გადაცემების შესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 3 აპრილს გამოაცხადა. ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც კომისიამ შეარჩია, “Modem/Art” იყო. როგორც პროექტის ავტორი თეონა ჯორბენაძე ამბობს, მისი შემოქმედებითი ჯგუფისთვის მაუწყებლის უარი მოულოდნელი იყო, რადგან არხის გენერალური დირექტორი კონტრაქტების გაფორმებას პირველი სექტემბრიდან  ჰპირდებოდა, გაიმართა არაერთი საქმიანი შეხვედრაც:

“არხის მმართველმა გუნდმა კონკურსში გამარჯვებული ავტორები დაგვიბარა შეხვედრაზე, სადაც ყველაზე მთავარი იყო ის, რომ სამოქმედო გეგმა გაგვიზიარეს. ვასილ მაღლაფერიძემ ხელი ჩამოგვართვა, მოგვილოცა გამარჯვება და ბრძანა, რომ კონტრაქტები ჩვენთან და ჩვენს გუნდთან გაფორმდებოდა 1 სექტემბრიდან, ხოლო განახლებული ეთერი დაიწყებოდა 1 იანვარს.

ამის შემდეგ ცხელ ზაფხულში მატარეს სხვადასხვა ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე, ისიც კი მასწავლეს, თუ სერვერზე განთავსებული რომელი ფოლდერიდან უნდა გადმომეწერა მუსიკა გადაცემისთვის, მოგვიწყვეს დაგეგმილი ტექნიკური გადაიარაღების პრეზენტაცია, შეგვახვედრეს არხის მმართველ გუნდს, მთავარ იურისტს. ერთი შეხედვით საქმიანი და მოტივირებული გუნდი მზად იყო, ახალი სეზონიდან მთები და რეიტინგები გადაებრუნებინა”  – ამბობს ჯორბენაძე.

რამდენიმე შეხვედრის გამართვის შემდეგ კი “Modem/Art”-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა მაუწყებლისგან გადაცემის გაშვებაზე უარი მიიღო:

“თურმე ამ კონკურსში ჩემი პროექტი გამარჯვებულ-დამტკიცებულთა შორის არც არასოდეს ყოფილა და ყველაფერი, რაც ზემოთ გიამბეთ, უბრალოდ, ჩემი ცრუ ხილვები ყოფილა.

ვასიკო მაღლაფერიძისთვის ხელის ჩამორთმევამ და მისმა პირობამ, რომ 1 სექტემრიდან კონტრაქტები გაფორმდებოდა, სხვა შემოთავაზებები დააკარგვინა ჩემი შემოქმედებითი გუნდის 5 წევრს, უარი ათქმევინა მათ სხვა შემოთავაზებებზე. პირობა პირობაა და რადგან ეთერის დასაწყისად ითქვა იანვარი, მეც უარი ვთქვი რამდენიმე საინტერესო პროექტზე, მათ შორის- საშობაოზე. ჩვენ გავწიეთ მნიშვნელოვანი შრომა და სანაცვლოდ მივიღეთ რეპუტაციული და ფინანსური ზიანი. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს კონკურსი იყო ჩვენი და მთელი საზოგადოების დაცინვა. უბრალოდ, გაგვაშაყირეს. სინამდვილეში, ახალი ეთერისთვის მხოლოდ ერთი თუ ორი ახალი გადაცემა ჩაუშვეს წარმოებაში” – ამბობს პროექტის ავტორი.

მაუწყებლის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო სამეურვეო საბჭოს წევრ ქეთევან მხსილაძისთვისაც. როგორც მსხილაძე ამბობს, მისთვის და ბორდის კიდევ რამდენიმე წევრისთვის არ იყო ცნობილი, რომ შეიძლებოდა კონკურსში გამარჯვებული გადაცემები მაუწყებლის ახალ საეთერო ბადეში არ ჩაშვებულიყო:

“ მე მეგონა, კონკურსში გამარჯვებული იმას ნიშნავდა, რომ მომზადდებოდა გადაცემა და გავიდოდა ეთერში. გუშინ რომ შევიტყვეთ, მე დავინტერესდი. ჩემსავით, საბჭოს ზოგმა წევრმაც არ იცოდა ეს და მათთვისაც სიახლე იყო ეს ინფორმაცია. რომ დავინტერესდი, თქვეს, რომ გადაცემა არ ვარგოდა და ამიტომ არ გაუშვეს და დაიწუნეს. ისიც თქვეს, რომ ამ შემთხვევაში იურიდიულად არანაირი ვალდებულება არ აქვთ, თუმცა არის იურიდიული მხარე და არის მორალური მხარე საკითხის.

შეიძლება დაუშვას ადამიანმა, რომ პილოტი არ ვარგოდა, შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ პილოტი იმის პილოტია, რომ ამაზე უნდა იმუშაო და გამოასწორო. ერთადერთი შეიძლება იფიქრო, რომ კონკურსის პირობები არ იყო ისე შედგენილი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ კომისიის წევრებს” – ამბობს მსხილაძე.

ის, რომ კომისიის გადაწყვეტილება საბოლოო არ იყო, ცნობილი იყო კომისიის წევრებისთვის. როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, კომისიის წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა პარალელურად განუცხადეს, რომ კომისიის გადაწყვეტილება მენეჯმენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მენეჯმენტი შეეცდება მის გათვალისწინებას:

“გვითხრეს, რომ კომისიის  გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველა შემთხვევაში ვეცდებით,  რომ ეს პროექტები ჩაეშვას ბადეში.  ის არ უთქვამთ, თქვენ კი დაუჭირეთ მხარი ამ პროექტებს, მაგრამ გავუშვებთ თუ არა, ეს საჭოჭმანოაო. თუმცა ის კი გვითხრეს, რომ თქვენს გადაწყვეტილებას ვიღებთ, როგორც ამ  პროექტებზე თქვენს დადებით რეკომენდაციას.

ასევე ითქვა, რომ საჭიროა კიდევ თითოეულ ავტორთან დალაპარაკება უამრავ დეტალზე, ფინანსებიდან დაწყებული, ვთქვათ, საეთერო ბადეში განთავსებასთან, წამყვანებთან დაკავშირებით. მოკლედ, ბევრი დეტალი  საჭიროებს დაზუსტებასო” – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

21 ივნისს, მას შემდეგ, რაც გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა, მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი, პაატა ქურდაძე ამბობდა, რომ კომისია საკმაოდ კომპეტენტური იყო და შერჩეული პროექტები მაუწყებლის გენერალურ დირექტორს უნდა დაემტკიცებინა:

“ეს არის საბოლოო ეტაპი კომისიისთვის. ამის შემდეგ ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას ამ გადაცემებს გენერალურ დირექტორთან, რომელმაც თუ რაღაც  ისეთი არ აღმოაჩინა, რაც იმედი მაქვს, არ მოხდება, რადგან კომისია საკმაოდ კომპეტენტური იყო, მოაწერს ხელს და გადაცემები ჩაეშვება წარმოებაში” – ამბობდა ქურდაძე.

სამივე გადაცემა, რომელიც მაუწყებელმა დაიწუნა, საკუთარ მიმართულებაში არჩეულიდან ერთადერთი იყო. როგორც ქეთევან მსხილაძე ამბობს, მას ეჭვი ეპარება, რომ მაუწყებელმა კონკურსი ამ მიმართულებებზე გადაცემების შესარჩევად ხელახლა გამოაცხადოს და ამბობს, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ,  იმას ნიშნავს, რომ არხის ისედაც მწირ საეთერო ბადეს კიდევ რამდენიმე გადაცემა დააკლდება:

“მე როგორც ვიცი, თავიდან გამოცხადებაზე არ არის საუბარი, უბრალოდ, მოაკლდება კიდევ ერთი გადაცემა ისედაც მწირ ეთერს. ისედაც, მოგეხსენებათ, ბევრი არაფერი გადის და გადაცემების დიდი ნაწილი დაიხურა. აქ დგას ასევე ვალდებულებების შესრულების საკითხი. კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების”.

იაგო კაჭკაჭიშვილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მაუწყებლის მენეჯმენტს ამ ქმედებით სურს შექმნას პრეცედენტი, რომ თითქოს კომისიის გზით გადაცემების შერჩევა არაეფექტურია, ეს არგუმენტი კი სამომავლოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენოს:

“ჩვენთვის არავის  უთქვამს, რომ შეიძლება კონკრეტულად ეს გადაცემები დავიწუნოთო და თუ დაიწუნეს, შემდეგ რა სტრატეგია ექნება საზმაუწყებელს – ამაზე არავის უსაუბრია. თუმცა, როგორც ჩანს, და ასეთი ეჭვი მაქვს მე,  რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამით სურს შექმნას პრეცედენტი, რომ კომისიის გზით გადაცემების შერჩევა არის ძვირი და არაეფექტური. შეიძლება მან გამოიყენოს ეს არგუმენტად- აი, ხომ ხედავთ, კომისიამ შეარჩია, მაგრამ მაინც ვერ ჩაეშვა ეს გადაცემები ეთერში. ამიტომ, სჯობს, ისევ მენეჯმენტმა  მიიღოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და შეარჩიოს გადაცემები, რომლებსაც ბადეში უპრობლემოდ ჩაუშვებს სხვადასხვა სირთულეების დაძლევის გათვალისწინებით.

მე მაქვს ეჭვი, რომ აღარ გამოცხადდება კონკურსი. საერთოდ, კონკურსის გზით გადაცემების შერჩევის პრაქტიკას  საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ მიმართავს და ამ იდეის დისკრედიტაცია მოხდა. ამ იდეის დისკრედიტაცია მოხდა ყველა თვალსაზრისით. ჯერ ერთი, კომისიაში ჩართვას ვიღა დასთანხმდება ამის შემდეგ. გამოდის, რომ ამას არავითრი ძალა არ აქვს, ფუჭი ტყვიის გასროლას ჰგავს. მეორე მხრივ, კომისიის გზით გადაცემების შერჩევის დისკრედიტირება თავად მენეჯმენტსაც აწყობს, რადგან გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი შეხედულებისამებრ” – ამბობს კაჭკაჭიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი