ახალი ამბები

მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის საბოლოო სიტყვა მოისმინა

1 სექტემბერი, 2017 • 1832
მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის საბოლოო სიტყვა მოისმინა

დღეს, 1 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. შემაჯამებელი სიტყვა გიორგი მამალაძის ყველა ადვოკატმა თქვა.

სასამართლოს წინაშე სიტყვით თავად დეკანოზიც წარდგება.

დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარემ პრაქტიკულად შეაჯამა, თუ რა სამართლებრივი დარღვევები იყო ამ საქმეში  დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან დღემდე:

“ასევე ის სამართლებრივი აბსურდი, რასაც პროკუატურა უყენებს ბრალად და ვერ დასტურდება ვერანაირი კონკრეტული მტკიცებულებებით – თავიდან ბოლომდე, მოწმეთა დაკითხვიდან და მტკიცებულებათა გამოკვლევიდან, ასე ვთქვათ, ყველა დეტალი საქმეზე ადასტურებდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მკვლელობას აპირებდა/ამზადებდა და არავითარი ანგარების მოტივი არ ჰქონდა. ეს იყო მთელი სასამართლო განხილვის ეტაპი.”

როგორც ფანცულაია ვარუდობს, მოსამართლემ მათი შეჯამების დროს დაინახა, რომ თუ ოდნავ მაინც ობიექტური იქნება სასამართლო ამ საქმეზე, დეკანოზი მამალაძე გამართლდება: “მე ამის იმედს ვიტოვებ”.

გიორგი ფანცულაიას თქმით, ვერ დადგინდება, ვისგან შეიძინა დეკანოზმა ციანიდი, რადგან მას არ უყიდია. მისი განცხადებით, ამ დრომდე ექსპერტიზაც კი არ არის ჩატარებული, არის თუ არა ციანიდის შეკვრაზე ვინმეს ხელის კვალი:

“ამიტომ გეუბნებით, რომ არ არსებობს ისეთი პიროვნება, ვისგანაც ვითომდა გიორგი მამალაძე ციანადს ყიდულობდა. ეს ვერასოდეს დადასტურდება. შეუძლებელია ასეთი ადამიანის მოყვანა.”

როგორც ფანცულაია ამბობს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათი დასკვნითი სიტყვა 4-5 საათს გაგრძელდა, ხოლო დაცვის მხარემ დეტალურად მიაწოდა მოსამართლეს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის გამოც  დეკანოზს  გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოუტანოს.

“გადაწყვეტილების გამოცხადება გარკვეულ დროს მოითხოვს. ჩვენი N1 არგუმენტი ის არის, რომ ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რომ ვინმეს მკვლელობას აპირებდა დეკანოზი. ეს დასტურდება ყველა გამოკვლევით და მოწმეთა ჩცენებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი მტკიცებულებები გვქონდა, ჩვენი მოწმეები გვყავდა, ჩვენი ექსპერტებისა და ექიმის დასკვნა გვქონდა, გველის შხამის წარმოება და ა.შ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ: აქ მტკიცების ტვირთი არის პროკურატურაზე,”- ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, აბსოლუტურად შეუძლებელია დადასტურდეს ის, რაც არ არსებობს: “ჩვენი არგუმენტი ის არის, რომ ყველა მტკიცებულება გამოვიკვლიეთ, ყველა მოწმე დავკითხეთ და არაფერი ჩანს დანაშაულის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი