ახალი ამბებიკომენტარი

შალვა ტაბატაძე: ავტორიზაციის საბჭომ დაასამარა საკუთარი ინსტიტუცია

1 სექტემბერი, 2017 • 7591
შალვა ტაბატაძე:  ავტორიზაციის საბჭომ  დაასამარა საკუთარი ინსტიტუცია
“სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, შალვა ტაბატაძე ეხმაურება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას დემირელის სკოლის დახურვის შესახებ.
შალვა ტაბატაძე. ფოტო: შალბა ტაბატაძის ფეისბუკის გვერდიდან

შალვა ტაბატაძე. ფოტო: შალვა ტაბატაძის ფეისბუკის გვერდიდან

როგორც ტაბატაძე წერს, ავტორიზაციის საბჭოს წევრისთვის მთავარი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ მოსწავლემ არ მიიღოს უხარისხო განათლება ან არ დაირღვეს მისი უფლება კერძო სკოლაში.

შალვა ტაბატაძის მიერ “ფეისბუკზე” გავრცელებულ ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ:

“დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ავტორიზაციის საბჭოს წევრები, ხარისხის განვითარების ცენტრი და მათი ღია თუ ფარული მხარდამჭერები იმეორებენ წინასწარ დამუშავებულ მესიჯს – კანონის დარღვევა იყო და არ უნდა დახურულიყო სკოლა? გასაგები მესიჯია, როგორც შინაარსით, ასევე მიზნით, რომ საზოგადოება წვრილმანი დეტალების დისკუსიაში შევიდეს და არსებითი გადაიფაროს. არსებითი კი გახლავთ: (ა) ავტორიზაციის საბჭოს როგორც ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია და განადგურება; (ბ) საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ინსტიტუტების სისუსტე და პოლიტიკური ზეგავლენა ამ ინსტიტუტების საქმიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხდები სკოლისათვის ავტორიზაციის შეწყვეტის მომხრეთა მიზანს, რომ დეტალებზე დისკუსიით გადაფარონ არსებითი, მაინც შევყვები ამ უსაგნო დისკუსიაში.
(1) აქ არსებითია გაიმიჯნოს რა არის ან რა უნდა იყოს ავტორიზაციის საბჭოს ფუნქცია და კომპეტენცია. ავტორიზაციის საბჭო ადგენს და აფასებს სტანდარტებთან შესაბამისობას, რათა ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი და არა – კანონის დარღვევას ან არ დარღვევას. კანონის დარღვევის დადგენას სხვა პროცედურები სჭირდება და ვერც ავტორიზაციის ექსპერტების 3 დღიანი ვიზიტით და ვერც შემდგომ საბჭო ვერ დაადგენს და ვერც დაადასტურებს დაირღვა თუ არა კანონი. ეს მისი ფუნქცია არც არის და, ამის კომპეტენცია მათ არც აქვთ (არც უნდა ჰქონდეთ) და კანონის დარღვევა სხვა პროცედურებით უნდა დადგინდეს და რეაგირება/სასჯელიც სხვა უნდა იყოს და არა სკოლის დახურვა . კიდევ ერთხელ არც საბჭო და არც ექსპერტები არ არიან კომპეტენტური დაადგინონ კანონის დარღვევა იმ პროცედურებით რაც არსებობს, მათ უნდა შეაფასონ განათლების ხარისხი და სტანდარტებთან შესაბამისობა.
(2) არსად წერია, რომ კანონის დარღვევა სკოლის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს გარდა ერთი შემთხვევისა. საფუძველი შეიძლება იყოს რომელიმე სტანდარტის დაუკმაყოფილებლობა, ან მოსწავლის სტატუსის წარმოშობის, შეჩერების ან შეწყვეტის წესის დარღვევა (ეს სტატუსთან დაკავშირებული ჩანაწერია გამოყენებულია ძირითადად ინსტრუმენტად ავტორიზაციაზე უარისთვის, ამ წესის დარღვევის შეფასება რეალურად ავტორიზაციის საბჭოს ფუნქცია არც უნდა იყოს). თუმცა დარღვევის იდენტიფიცირების და დადასტურების პროცედურები დებულებით არ არის გაწერილი. სტანდარტთან შესაბამისობას და სტატუსთან დაკავშირებული კანონმდებობის შესრულების დადგენას სხვადასხვა პროცედურები, კომპეტენცია და კვალიფიკაცია სჭირდება.
(3) სტანდარტის შეუსრულებლობის თუ მოსწავლის სტატუსის წარმოშობის, შეჩერების ან შეწყვეტის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებშიც, საბჭოს წევრი შინაგანი რწმენით იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად არსებითია სტანდარტის დაუკმაყოფილებლობა ან დარღვევა ავტორიზაციაზე უარის სათქმელად. ანუ მთავარი ინტერესია მოსწავლე, რომ საბჭოს გადაწყვეტილების გამო, მოსწავლემ არ მიიღოს უხარისხო განათლება ან არ დაირღვეს მისი უფლება კერძო სკოლაში. შესაბამისად ავტორიზაციის წევრთა მტკიცება, „დარღვევები იყო და რა გვექნა” აბსურდია, თუ ის დარღვევები (თუ ასეთი იყო, არ ვიცი, არ ვიცნობ მასალებს) არ ზემოქმედებდა ხარისხზე ამ სკოლაში და მოსწავლეებს არ ემუქრებოდათ ამ სკოლაში უხარისხო განათლების მიღების საფრთხე. სწორედ ეს არის საბჭოს წევრისთვის ამოსავალი გადაწყვეტილების მიღებისას და არა დარღვევა, რომელიც შეიძლება არსებობდეს და შემიძლია ვთქვა ჩემი გამოცდილებით, რომ სკოლების 90% -ში არსებობდა, მაგრამ არ ყოფილა საფუძველი ავტორიზაციაზე უარის თქმისა.
(4) დარღვევების პრინციპს თუ მივყვებით, მითუმეტეს თუ ამ პროცედურას არაკომპეტენტური ადამიანები და ორგანო ჩაატარებს (არაკომპეტენტური დარღვევის კლასიფიკაციისთვის და სამართლებრივი შეფასებისთვის) აღმოჩნდება, რომ ყველა კერძო და საჯარო სკოლა დასახურია, უფრო მეტიც, ყველაზე ხარისხიანი სკოლები აღმოჩნდება დასახური, რადგან ისინი განსხვავებულ სასწავლო გეგმებს, სახელმძღვანელოებს და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების სქემას გვთავაზობენ და სწორედ ეს განაპირობებს მათ ხარისხს. დავხუროთ ყველა ეს სკოლა? თუ ეს მიდგომაა რატომ არ დახურა საბჭომ სხვა სკოლები, სადაც აგრეთვე იყო დარღვევები და ეს თითქმის ყველა სკოლაში ფიქსირდება მეტ-ნაკლებად ავტორიზაციისა თუ მონიტორინგის პროცესში. საბჭოს ჰქონია პრაქტიკა, როცა სამივე სტანდარტთან დაკავშირებით ყოფილა პრობლემები, მაგრამ სკოლას მიუღია ავტორიზაცია, რაც სწორი მიდგომაა, თუ სკოლას აქვს პოტენციალი ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, სკოლებს უნდა მიეცეთ განვითარების საშუალება და საბჭოც სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
(5) ავტორიზაციის საბჭომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისევე როგორც შაჰინის სკოლასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთ კერძო სკოლას კი არ შეუჩერა ავტორიზაცია, არამედ: (ა) დაასამარა საკუთარი ინსტიტუცია, საბჭო, როგორც ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ორგანო, რადგან თქვა, რომ ხარისხი ამ სკოლაში მაღალია, მაგრამ კანონმდებლობა დაირღვა და მე ის დავსაჯე. ანუ იქცა სადამსჯელო ინსტიტუტად, რითაც არსობრივად გაანადგურა საკუთარი ინსტიტუტიცია მთლიანად; (ბ) კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება და საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ასეთ ქმედებას კი ვერანაირი აღმოჩენილი კანონდარღვევა ვერ გაამართლებს, მითუმეტეს თუ ეს კანონდარღვევა ამის დასადგენად არაკომპტენეტურმა პირებმა და ორგანომ დაადგინა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი