ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე სტრასბურგში არ გაემგზავრება

1 სექტემბერი, 2017 • 1579
საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე სტრასბურგში არ გაემგზავრება

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე სტრასბურგში არ გაემგზავრება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

“იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი, ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ გამოავლინა განსაკუთრებული გულისხმიერება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება შესთავაზა. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რაც ამა წლის ივლისში მკაფიოდ დაადასტურა ვენეციის კომისიამ თავისი საბოლოო დასკვნით. თუმცა განცხადებაში ნათქვამი არაა, რომ ვენეციის კომისიამ განსხვავებული დოკუმენტი შეაფასა პოზიტიურად, ხოლო პარლამენტმა სხვა კონსტიტუციას უყარა კენჭი, სადაც საარჩევნო სისტემა 2020 წლის ნაცვლად 2024 წელს უნდა შეიცვალოს და შერეულის ნაცვლად პროპორციული უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალი კონსტიტუციური კანონი არ შეიცავს არც ერთ ნორმას, რომელიც აუმჯობესებს მმართველი პარტიის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გამორიცხავს საქართველოში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

“ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ოპოზიციამ უარი განაცხადა საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ფართო კონსენსუსის მისაღწევად „ქართულმა ოცნებამ“, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოხატა დიალოგის განახლების მზადყოფნა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა თხოვნით, მოეწოდებინათ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.  ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო უმრავლესობას არ გასცეს პასუხი კითხვას, რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის ნაცვლად ოპოზიციამ პასუხად წარმოადგინა რამდენიმე ულტიმატუმი, და ისიც საპარლამენტო უმრავლესობასთან დიალოგის განახლების წინაპირობად.

ოპოზიციური პარტიების ამგვარმა კონტრპროდუქტიულმა ქმედებებმა შეუძლებელი გახადა საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციების გამართვა და, შესაბამისად, დიალოგის განახლება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო”.- ნათქვამია განცხადებაში.

საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტი რედაქციული შესწორებებით.

“საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, საქართველოს ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი