ახალი ამბები

საია: არაეფექტური გამოძიების გამო შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურების გადახდა დაეკისრა

1 სექტემბერი, 2017 • 1966
საია: არაეფექტური გამოძიების გამო შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურების გადახდა დაეკისრა

საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საქმის არაეფექტურად გამოძიების გამო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზარალებულისთვის მორალური ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

“თბილისის ოფისი იცავდა მოქალაქის ინტერესებს, რომელმაც 2010 წელს ქუჩაში ნაპოვნი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებები. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელიც წლების განმავლობაში არაეფექტურად მიმდინარეობდა. საია-ს დახმარებით დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო დაზარალებულის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა,”- აცხადებს საია.

საიას განცხადებით, სასამართლომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ამ საქმეში სახელმწიფო არ იყო მოწოდებული, ქმედითი გამოძიებით უზრუნველეყო საქმის დასრულება, რაც მოსარჩელეს უქმნის განწყობას, რომ კანონი მის მიმართ არ არის გამოყენებული სამართლიანად და ქმნის უიმედობის განცდასა და იწვევს სასოწარკვეთას, რაც პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის პრინციპის დარღვევად უნდა ჩაითვალოს:

“სიცოცხლის უფლების კანონით დაცვა გულისხმობს ქმედითი გამოძიების ჩატარებას ყველა იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის სიცოცხლე ხელყოფილია […] სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება არ არის შესრულებული ხარვეზიანი გამოძიების ჩატარებით, რომლის განმავლობაშიც დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირი ვერ დადგინდა… სახელმწიფო მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს განცდას, რომელიც მათში უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მისი უფლებების დაცვის გარანტორი – კანონი ეფექტურად უნდა იქნეს აღსრულებული პრაქტიკაში.“

ორგანიზაციის ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი დაუშვებლოდ ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი