ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოლდოვაში რუსეთისა და ოსეთის დელეგატები არ შეუშვეს

1 სექტემბერი, 2017 • 2899
მოლდოვაში რუსეთისა და ოსეთის დელეგატები არ შეუშვეს

არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის საგარეო უწყების ინფორმაციით, კიშინიოვის აეროპორტიდან მოლდავურმა სასაზღვრო პოლიციამ დელეგატები რუსეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ქვეყანაში არ შეუშვა და გააძევა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსი და ოსი პოლიტიკოსები ტირასპოლში [არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქი] 2017 წლის 2 სექტემბერს დნესტრიპირეთის მოლდავური რესპუბლიკის შექმნის წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მიწვევით მიდიოდნენ.

დეპორტირებულთა შორის არიან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ექსპერტთა კოლეგიის პრეზიდენტი ალექანდრ ვლადიმიროვი,”რუსკი მირის” ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ვსევოლოდ ჟელეზნოვი, დნესტრიპირეთის მოლდავური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი რუსეთში ოლგა გუკალენკო და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იგორ კოზაევი.

“კიშინიოვის არაცივილიზებული ზომები საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გარეშე ვერ დარჩება, მოლდავური მხარის პროვოკაციული ხასიათის ქმედებებმა კი შესაბამისი შეფასება უნდა მიიღოს ყველა დონის დიალოგის ფარგლებში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ბოლო წლებია ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ. დნესტრიპირეთის დელეგაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაშიც იყო მიწვეული, მათ შორის, ახალგორის რაიონში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი