ახალი ამბები

პროკურატურამ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

1 სექტემბერი, 2017 • 1703
პროკურატურამ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

პროპროკურატურის განცხადებით,  დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების  მცდელობის ბრალდებით ორი პირი, მათ შორის, თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს.

“თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლ.ძ-მ კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით განიზრახეს და მოქალაქე ი.ი-ს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც ი.ი-ს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად, ჯამში, მოსთხოვეს  38 000 აშშ დოლარი, რაც ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს  ეტაპობრივად  იქნა გადაცემული ლ.ძ -სა და ვ.მ-სთვის. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით,”- აცხადებს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი 30 აგვისტოს წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 19,180 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა).

პროკურატირის ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი