ახალი ამბები

მაცხონაშვილი: ტელევიზიით გავიგე დღეს, რომ თურმე უნიათო სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ

31 აგვისტო, 2017 • 2972
მაცხონაშვილი: ტელევიზიით გავიგე დღეს, რომ თურმე უნიათო სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ

თოჯინების თეატრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ტელევიზიის ეთერიდან გავიგე დღეს, რომ თურმე ვარ უნიათო სამხატვრო ხელმძღვანელი და პრეტენზია აქვთ ჩემს მენეჯმენტთან და საორგანიზაციო საკითხებთან. უცნაურია, რომ ამას დღეს ვიგებ. ძალიან უცნაურია, რომ ეს პირველად გუშინ გაცხადდა, ჩემს მხარდამჭერ მსახიობებთან შეხვედრაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა კულტურის სამინისტროსთან და ამის შესახებ მანამდე უნდა მქონოდა ინფორმაცია. ასევე ვთვლი, რომ არც ჩემი კონკურენტის კომპეტენცია ცდება მშენებლობასთან დაკავშირებით ჩემსას”,- ამბობს მაცხონაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გუშინ, 30 აგვისტოს, კულტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. როგორც ელენე მაცხონაშვილი ამბობს, მსახიობებმა მისდამი მხარდაჭერა სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე დააფიქსირეს  მისი კანდიდატურის მიმართ.

“რამდენიმე თვით ადრე ვიცოდით, რომ დაინიშნებოდა კანდიდატი, რომელიც სამინისტროს რჩეული იყო ამ კონკრეტულ თანამდებობაზე. თეატრალური სამყარო, სამწუხაროდ, ის სამყაროა, სადაც არანაირი ინფორმაცია არ იმალება, არ ინახება და დროზე ადრე მჟღავნდება, როგორც წესი”,- ამბობს მაცხონაშვილი.

ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ მინისტრის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, თუმცა მანამდე აქციებს გეგმავს. პირველი აქცია დღეს, 31 აგვისტოს თოჯინების თეატრის მშენებარე შენობასთან გაიმართება.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით თოჯინების თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ საბაშვილი დაინიშნა. დღეს სამხატვრო ხელმძღვანელი შეიცვალა კიდევ ერთ თეატრში. მიხეილ თუმანიშვილის თეატრს ქეთი დოლიძის ნაცვლად გიორგი სიხარულიძე უხელმძღვანელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი