ახალი ამბები

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

31 აგვისტო, 2017 • 2330
დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლებმა 5 სექტემბერს განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაგეგმეს – ამის შესახებ ნეტგაზეთს ერთ-ერთმა მშობელმა, თენგო შენგელიამ განუცხადა.

აქციის ორგანიზატორები სხვა მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომ აქციას შეუერთდნენ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დემირელის კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა, შესაბამისად, დაიხურა.

“ორი შვილი მყავს და ორივე მანდ სწავლობს. მე მქონდა მოლოდინი, რომ დაიხურებოდა სკოლა, იმიტომ, რომ პოლიტიკის სუნი ასდიოდა ამ ყველაფერს.. ეს არის თურქეთის ზეწოლის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ,”- განაცხადა თენგო შენგელიამ ნეტგაზეთთან.

როგორც მან განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა სკოლისთვის ავტორიზაციის აღდგენა იქნება.

“ზარალდებიან ჩვენი შვილები, ეს არის მთავარი… ისეთ პირობებს, რა პირობებშიც ჩვენი შვილები სწავლობდნენ, ვერც ერთი სკოლა ვერ შეუქმნის საქართველოს მასშტაბით და ისეთ განათლებას, რომელსაც დემირელის სკოლაში იღებდნენ. მაგალითად, ჩემი შვილები მანდ გრანტით სწავლობდნენ,”- განაცხადა მან.

თენგო შენგელიას თქმითვე, მშობლები “ბოლომდე იბრძოლებენ” და 5 სექტემბერს გამართულ აქციაზე დააანონსებენ, თუ რას აპირებენ.

დემირელის სკოლის დირექტორმა, ნინო კავთიაშვილმა გუშინ, 30 აგვისტოს, ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ  კოლეჯში გადმოვიდნენ თურქეთიდან პოლიტიკური ნიშნით წამოსული მოსწავლეები და სწორედ ამ საკითხს “გამოედევნა” საბჭო.

ავტორიზაციის საბჭოს წევრი, გია მურღულია კი ამბობს, რომ სკოლა უხეშად არღვევდა ქართულ კანონმდებლობას და სწორედ ამიტომ ვერ გაიარა ავტორიზაცია. ავტორიზაციის საბჭომ ხარისხის მართვის ცენტრს მიმართა წინადადებით, რომ შეფასებულიყო ამ დოკუმენტაციის პროკურატურაში გადაგზავნის მიზანშეწონილობა.


უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი 2017 წლის მაისში დააკავეს და მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

შაჰინის სკოლის დახურვის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ს ფლობს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში გააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც შაჰინის სკოლა დაიხურა, დემირელის კოლეჯის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი იმედოვნებდა, რომ სხვა პარტნიორი სკოლები იმავე ბედს არ გაიზიარებდნენ. მისივე განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან ფინანსური პოლიცია სკოლის დოკუმენტაციას სწავლობდა, დაკითხვაზე იბარებდნენ მასწავლებლებს, რაც მათთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო.

“შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ველოდით, რომ კიდევ რაიმე ახალი სიურპრიზი დაგვხდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მოვედით ბოლომდე. ეს წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო დემირელის კოლეჯის ისტორიაში,”- განაცხადა ნინო კავთიაშვილმა 2017 წლის ივნისში.

დემირელის სკოლა, ისევე როგორც პარტნიორი სკოლები და მათი მასწავლებლები, ღიად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მუსტაფა ჩაბუქი მხოლოდ მასწავლებელია, 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და არანაირი კავშირი ტერორიზმთან არ აქვს. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს მუსტაფა ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი