ახალი ამბები

იურისტი: შემოწირულობების სიმცირის გამო ოპოზიციისთვის უთანასწორო გარემო იქმნება

31 აგვისტო, 2017 • 1447
იურისტი: შემოწირულობების სიმცირის გამო ოპოზიციისთვის უთანასწორო გარემო იქმნება

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ “ქართულ ოცნების” შემწირველი კომპანიების უმრავლესობა ტენდერებს იგებს. არიან ისეთებიც, რომლებიც  წინა არჩევნებზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობს სწირავდა ფულს, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათი პოლიტიკური სიმპათიები შეიცვალა. როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ბიზნესი და არჩევნები, რატომ ამჯობინებენ ბუზნესმენები დააფინანსონ მმართველი ძალა და როგორ რჩება მწირი ფინანსური რესურსით ოპოზიცია, ამ საკითხების შესახებ “ნეტგაზეთი” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტს ნინო რიჟამაძეს ესაუბრა.

როგორ რეგულირდება საქართველოში ბიზნესის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება?

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მიხედვით, 2013 წლამდე იურიდიულ პირებს შემოწირულობის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. შემდეგ შეიცვალა ეს წესი. კანონმდებელმა კორუფციული რისკები და იურიდიული პირების მიერ სამომავლოდ დაინტერესების საკითხი გაითვალისწინა. კანონის 27-ე მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ შემომწირველი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომლის წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე ფაქტობრივი შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებულია გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით არა მხოლოდ ამ კომპანიის სასარგებლოდ, არამედ მისი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ.

აღნიშნული წესი მნიშვნელოვანია და ის იმ რისკებს უნდა აღმოფხვრიდეს, რაც უკავშირდება შემომწირველსა და მმართველ პარტიას შორის სამომავლოდ კორუფციული გარიგების საკითხს. ეს ნორმა არის კორუფციის შემაკავებელი ფაქტორი.

კანონის პრობლემა ისაა, რომ დათქმა არის მხოლოდ გამარტივებულ შესყიდვებზე და არა ჩვეულებრივი ტენდერების გზით მიღებულ ფინანსებზეც. შეზღუდვა არა მხოლოდ გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, არამედ, ზოგადად, ტენდერებზეც უნდა ვრცელდებოდეს. თუ, მაგალითად, კომპანია წირავს 120 ათას ლარს პარტიას და შემდეგ საეჭვოდ იგებს ყველა ტენდერში, ესეც პრობლემას წარმოადგენს და საეჭვო არის.

ეჭვებს, ალბათ, აძლიერებს ისიც, რომ ბიზნეზსს სახელისუფლებო პარტიაზე აქვს სწორება?

ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იურიდიული პირები და ბიზნესი დაინტერესებული არიან იმითი, რომ მოიპოვონ მმართველი ძალის კეთილგანწყობა. პრობლემა არა მხოლოდ ასეთი ტიპის იურიდიული პირების შემოწირულობაა, არამედ ისეთი იურიდიული პირების შემოწირულობა, როდესაც ვერ დგინდება, ვინ დგას კომპანიის უკან.

წინა არჩევნებზე იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე იურიდიულმა პირმა შემოწირულობა გააკეთა, თუმცა ვერ დგინდებოდა, ვინ იდგა ამ იურიდიული პირის უკან. ეს იყო ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის შვილობილი კომპანიის შვილობილი კომპანია, რომელიც რეგისტრირებული იყო საქართველოში. კანონი არ კრძალავს ამ ტიპის იურიდიული პირების მიერ შემოწირულობის გაკეთებას.

ეს პრაქტიკა რთულ მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას?

წინასაარჩევნო კამპანია თანხებთანაა დაკავშირებული. ის პარტია და კანდიდატია ხელსაყრელ პოზიციაში, ვისაც მეტი შემოწირულობა და მეტი თანხა აქვს ფონდში. შესაბამისად, როდესაც ასეთ უთანასწორო მდგომარეობაში არიან პარტიები და კანდიდატები, საარჩევნო გარემო პოლარიზებულია, რთულია. არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იქმნება სუბიექტებისთვის.

კანონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პარტიებმა ინეტერესების შესაბამისად მონახონ კომპანიები კონკრეტული კანონპროექტების ლობირებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან არჩევნების შედეგები ბოლო რამდენიმე პერიოდში იმდენად განსხვავებული იყო, რომელმაც აჩვენა, რომ არც ერთ პარტიას არ შეეძლო სახელისუფლებო პარტიისთვის გაეწია კონკურენცია და კანონი მაინც შეეცვალა, ამ შემთხვევში ბიზნესი სწავლობს პრაქტიკიდან გამომდინარე, ალბათ, და ისინი არ რისკავენ და არ დააბანდებენ ისეთ პარტიებში, რომლებიც ვერ იგებენ არჩევნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი