ახალი ამბები

დეპარტამენტი: მოქალაქე, რომელიც ხეს უკანონოდ ჭრიდა, ინსპექტორებს ბენზოხერხით დაუპირისპირდა

31 აგვისტო, 2017 • 2006
დეპარტამენტი: მოქალაქე, რომელიც ხეს უკანონოდ ჭრიდა, ინსპექტორებს ბენზოხერხით დაუპირისპირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქემ, რომელიც ხეს უკანონოდ ჭრიდა, დეპარტამენტის თანამშრომლებს ბენზოხერხით წინააღმდეგობა გაუწია.

დეპარტამენტის ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე,  ბენზოხერხის გამოყენებით, მოქალაქე ჭალის მუხის სახეობის ხეებს უკანონოდ ჭრიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მას ხე-ტყის
მოპოვების სათანადო დოკუმენტაცია მოსთხოვეს, თუმცა მოქალაქემ მათ ჩართული
ბენზოხერხის საშუალებით წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა ხეების ჭრის შეჩერების მოთხოვნას.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს პირი ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული პირის მხრიდან მსგავსი სამართალდარღვევის ფაქტები ხშირია – 2013 წლიდან დღემდე, მის მიმართ შედგენილია 17 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და, საერთო ჯამში, ჯარიმისა და გარემოზე მიყენებული ზიანის სახით, მას დაკისრებული აქვს 12 000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი