ახალი ამბები

ნათია კაპანაძე: პროცესი არის ან შეიძლება იყოს მართული მაუწყებლის წინააღმდეგ

31 აგვისტო, 2017 • 3328
ნათია კაპანაძე: პროცესი არის ან შეიძლება იყოს მართული მაუწყებლის წინააღმდეგ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ აჭარის პროკურატურას მიმართა, რაც შეიძლება ოპერატიულად შეისწავლოს მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც მალხაზ ბოლქვაძე ნათია კაპანაძეს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

“თავდაპირველად მსურს აღვნიშნო, რომ 2014 წლის მაისის თვეში მიღებულია კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციული ფაქტების შესწავლის ვალდებულება დაეკისრა სახალხო დამცველს. არჩევანი განმცხადებლის უფლებაა. თუმცა სიტუაციის ამგვარი განვითარება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სრულად უზრუნველყოფილია სარედაქციო დამოუკიდებლობა, წინასაარჩევნო პროცესების ღიად და გამჭვირვალედ გაშუქება, მაფიქრებინებს, რომ პროცესი არის ან/და შეიძლება იყოს მართული გარკვეული ძალების მიერ მაუწყებლის წინააღმდეგ, რაც ყოვლად დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება ეს არის შეუქცევადი პროცესი.

სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით მივმართე პროკურატურას და ვთხოვე, რაც შეიძლება ოპერატიულად გასცეს პასუხი განცხადებას ავტორს. ამასთან, ვაცხადებ მზაობას, კანონმდებლობის ფარგლებში ვითანამშრომლო ყველა ორგანოსთან. მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოსთან. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ნებისმიერი პროცესი, რაც ხდება და მოხდება თქვენ მიერ დაფინანსებულ მაუწყებელში, იქნება ღია და გამჭვირვალე,  რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულია მუშაობდეს საზოგადოებისთვის“ – განაცხადა მაუწყებლის დირექტორმა პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი