ახალი ამბები

მარიხუანის ფლობის საქმეზე ბექა წიქარიშვილს 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

31 აგვისტო, 2017 • 2332
მარიხუანის ფლობის საქმეზე ბექა წიქარიშვილს 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბექა წიქარიშვილს 69 გრამი მარიხუანის ფლობის საქმეზე 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სასამართლომ წიქარიშვილი დამნაშავედ ცნო და ჯარიმასთან ერთად გარკეული უფლებებიც შეუზღუდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბექა წიქარიშვილს 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო, ფარმაცევტული საქმიანობის, ასევე, აფთიაქის დაფუძნების, წარმომადგენლობისა და ხელმძღვანელობის უფლებები, ხოლო 5 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვისა და ტარების უფლება.

ბექა წიქარიშვილი 2013 წლის მაისში 69 გრ. მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის დააკავეს. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულ ბრალდებულს, კანონის ძველი რედაქციით, 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. სწორედ აღნიშნული საქმის გასაჯაროება გახდა გარდამტეხი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტალღის დაწყებისთვის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფართო საზოგადოებრივ პროტესტს, ჯერ კამპანიის “ბექა არ არის კრიმინალი”, ხოლო მოგვიანებით “თეთრი ხმაურის მოძრაობის” სახით. საზოგადოებაში სადისკუსიო სივრცის გაჩენის გარდა, წიქარიშვილის საქმე გარდამტეხი აღმოჩნდა საკანონმდებლო კუთხითაც. საქალაქო სასამართლოს პარალელურად, 2014 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა კონსტიტუციური სარჩელი “ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლის თანახმად, მოსარჩელე იმ ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე დავობდა, რომელიც 70 გრ-მდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონში მიმდინარე წლის 26 ივლისს ასახა. კანონის ახალი რედაქციით, 5 გრ-დან 70 გრ-მდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 160-დან 220 სთ-მდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი