ახალი ამბები

სასამართლომ ბრალდებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

31 აგვისტო, 2017 • 2997
სასამართლომ ბრალდებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული, სასამართლომ კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

აბესაძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, პროკურორის არგუმენტები დასაბუთებული არ ყოფილა. ასევე, სასამართლომ დაუსაბუთებლად გაუგრძელა აბესაძეს აღკეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადა.

“საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად განმარტავს, რომ არ შეიძლება, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას ჰქონდეს სადამსჯელო ხასიათი. ის არის პრევენციული ხასიათის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ბრალდებული არ მიიმალოს და გამოცხადდეს სასამართლოში,” – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

პროკურორი კი მიინევს, რომ მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რადგანაც პროცესზე დასაკითხ მოწმეთა უმრავლესობასთან ოთარ აბესაძეს ნაცნობობა აკავშირებს.

2017 წლის ივლისში აბესაძე  ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

სუს-ის ცნობით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებული იყო  და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაჯარიმებულიყვნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.


 

28 წლის ოთარ აბესაძე საზოგადოებამ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გაიცნო. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

ოთარ აბესაძე იყო განათლების მინისტრის მრჩეველი გიორგი მარგველაშვილისა და თამარ სანიკიძის მინისტრობის პირობებში. 2016 წელს განათლების სამინისტრო დატოვა. 2017 წლის მარტიდან კი საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად მუშაობდა. აბესაძე არის ეკონომიკის დოქტორი და პარალელურად კითხულობდა ლექციებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი