ახალი ამბები

პრემიერი რუსეთისგან დახმარებაზე: თავის გასამართლებელი არაფერი გვაქვს

31 აგვისტო, 2017 • 1766
პრემიერი რუსეთისგან დახმარებაზე: თავის გასამართლებელი არაფერი გვაქვს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამარცხვინო უწოდა განცხადებებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით მოისმინა:

“უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით და არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა, რაც მე მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და, რა თქმა უნდა, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, არ მაქვს უფლება, რომ რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება, და საშიშროება იმისი, რომ სტიქიას უფრო მეტი მასშტაბი მისცემოდა, იყო აბსოლუტურად რეალური. ჩვენ არაფერი თავის გასამართლებელი ჩვენს მოსახლეობასთან არ გვაქვს ნამდვილად”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ხანძარს, რომელიც 21 აგვისტოს სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან გაჩნდა, ერთი კვირის მანძილზე არა მხოლოდ საქართველოში არსებული რესურსით, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელარუსის დახმარებითაც აქრობდნენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსეთის მხარეც შეიძლებოდა ჩართულიყო, 22 აგვისტოს გავრცელდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. კვირიკაშვილის განმარტებითვე, იმ დახმარების პირობებში, რომელსაც საქართველო სხვა მეზობელი ქვეყნებისგან იღებდა, რუსეთის ჩართვა ხანძრის ჩაქრობის პროცესში აღარ გახდა საჭირო.

22 აგვისტოს, როდესაც კვირიკაშვილმა რუსეთიდან დახმარების გაწევის მზაობის შესახებ განაცხადა, მას ჰკითხეს, დახმარებისთვის შტაბმა მიმართა რუსეთს, თუ მათ დამოუკიდებლად გამოთქვეს სურვილი, თუმცა პრემიერმა ამ შეკითხვას პასუხი არ გასცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ქართული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, გამზადებული ჰქონდათ ვერტმფრენი, რათა ბორჯომის ხანძრის ჩაქრობაში მიეღოთ მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი