ხანძარი აბასთუმანში. ფოტო: შსს

მღებრიშვილი: აბასთუმანში ხანძრის კერებამდე მისაღწევად შესაძლოა დამატებითი გზები გაიჭრას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში, ხანძრის კერებამდე მისაღწევად შესაძლოა დამატებითი გზების გაჭრა გახდეს საჭირო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს საღამოს განუცხადა.

მღებრიშვილის თქმით, დღის ბოლოსთვის მეხანძრე-მაშველებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ტყიდან გამოიყვანეს:

“მორიგე ჯგუფები ადგილზე რჩებიან მცირე ოდენობით იმისთვის, რომ 24-საათიანი მორიგეობა იყოს. დამატებითი გზების გაჭრა შეიძლება დაგვჭირდეს. დღეს მთელი დღის განმავლობაში იჭრებოდა ახალი გზები ხანძრამდე მისაღწევად, გარდა იმისა, რომ წუხელ დაახლოებით 5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა. დღეს ამას დაემატა კიდევ 1 კილომეტრი. თუ დამატებითი გზების გაჭრა გახდა საჭირო, მძიმე ტექნიკა რჩება ადგილზე და გამოვიყენებთ ამისთვის.”

შს მინისტრი ვარაუდობს, რომ ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ის რაოდენობა, რაც ხვალისთვის იქნება მობილიზებული აბასთუმანში, ხანძრის ლოკალიზაციისთვის საკმარისი იქნება.

“დღის განმავლობაში ორი ქართული ვერტმფრენი მუშაობდა. ასევე, შემოგვემატა თურქული თვითმფრინავიც. დღის ბოლოსთვის აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უკრაინული თვითმფრინავი დაგვემატა. ხვალ დილიდან სამუშაოებში ჩაერთვება 2 თურქული ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი. ხვალ დილიდან ახალი ძალებით განვაახლებთ ხანძრის ქრობის პროცესს. ის რაოდენობა ვერტმფრენების, რაც ჩამოვთვალე, ამ ხანძრის ლოკალიზებისთვის საკმარისი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ირანთანაც გვაქვს მოლაპარაკებები,” – განაცხადა მღებრიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს არ გამორიცხა, რომ გახშირებული ხანძრები შესაძლოა დივერსიასაც უკავშირდებოდეს, მაგრამ ეს არაა დადასტურებული ფაქტი და არის მხოლოდ სუბიექტური აზრი. მისი თქმით, შეიძლება ხანძარი ხელოვნურად იყოს გაჩენილი, თუმცა შეიძლება სხვა ფაქტორებიც იყოს.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი.  საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. საგანგებო შტაბი ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

აბასთუმანში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. მანამდე საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომში.

ხანძარი აბასთუმანში. ფოტო: შსს

ხანძარი აბასთუმანში. ფოტო: შსს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.