ახალი ამბები

აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზაციისთვის სამუშაოები გრძელდება

30 აგვისტო, 2017 • 1617
აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზაციისთვის სამუშაოები გრძელდება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა და ხანძრის კერებთან ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა არის შეყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში გამთენიიდან ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, ასევე, კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები, დღის მეორე ნახევარში კი ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი. უწყება ასევე აცხადებს, რომ საქართველოს საზღვარი უკვე გადმოკვეთა დახმარების მიზნით გამოგზავნილმა თურქეთის ერთმა ვერტმფრენმა, ასევე, ხვალ, 31 აგვისტოს. თურქეთი დამატებით კიდევ ერთ ვერტმფრენს და სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავს გამოყოფს.

“საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა,”- აცხადებს საგანგებო შტაბი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით არ იციან, რამდენ ჰექტარზეა ხანძარი და დათვლის პროცესი მომდინარეობს.

აბასთუმანში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. მანამდე საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომში.

 

ხანძარი აბასთუმანში. შსს-ს ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი